მსოფლიო

აშშ-ის სენატში რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

25.01.24 15:21


აშშ-ის სენატში რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს.

 

ეს კანონი ისტორიაში პირველად მისცემს აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას, მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული.

 

კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს.

 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე აღნიშნულ კანონს 20-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.

 

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს ეკისრება მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ დააფინანსოს უკრაინის აღდგენა, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინაში უკანონო შეჭრამ და ომმა გამოიწვია“, – განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა.

 

მისივე თქმით, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთელ მსოფლიოში კი გაყინულია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები.

 

კარდინის განცხადებით, ვაშინგტონში იმედი აქვთ, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონის მიღება უბიძგებს აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს და პარტნიორებს, ანალოგიური ზომები მიიღონ.

 

ცნობისთვის, 2023 წლის ზაფხულში ევროკავშირის სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ რუსული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი ხერხი არ არსებობს. ამის შემდეგ ევროკავშირი განიხილავს გაყინული აქტივების რეინვესტირების ვარიანტს, რათა ამ გზით მიღებული შემოსავალი უკრაინის აღსადგენად დაიხარჯოს.

 

მოსკოვში განაცხადეს, რომ კრემლი რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციაში „არამეგობრული ქვეყნების“ აქტივების მიმართ.

 

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები