ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

26.01.17 16:25


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. ამის შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75% განისაზღვრა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2015 წლის 16 დეკემბერს, 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა და განაკვეთი 8%-ით განსაზღვრა. 2016 წლის პირველ სამ თვეს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის დონეზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო, სექტემბრიდან განაკვეთი 6,5%-ის დონეზე უცვლელი იყო.

„გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. თუმცა, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება“, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

პროგნოზის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია 4%-ის მიზნობრივი მაჩვენებლის საზღვრებში იქნება. „მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა“, — ნათქვამია განცხადებაში. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დროებითი ზრდა ძირითადად განპირობებული იქნება ერთჯერადი ფაქტორებით, როგორიცაა სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.

„ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ერთჯერადი ეფექტები ამოიწურება, ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები