ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ტურიზმს

31.05.17 15:55


ეკონომიკის ზრდა 2017 წლის აპრილში პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის ზრდას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის აპრილში 2,1% შეადგინა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის იანვარ–აპრილში – 4,3%.

მისი თქმით, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,3%–ით გაიზარდა.

"ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ფულადი გზავნილები — 12%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა — 10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი", – განაცხადა ჯავახაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამშენებლო სექტორის დაბალი აქტიურობის შედეგად, სამშენებლო ომპანიების ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა.

"ასევე კლება იყო თხილის წარმოება/ექსპორტის მიმართულებით, რაც თხილის მწარმოებელი კომპანიების მოსავლიანობის შემცირებით არის განპირობებული. მოსავლიანობის შემცირება თხილის გარკვეული ტიპის დაავადებების გავრცელებას უკავშირდება", – აღნიშნა ჯავახაძემ.

მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები