ეკონომიკა

საქართველოს ზამთრის კურორტები რეკორდებს ხსნიან

06.06.17 20:45


2010-2017 წლებში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების რაოდენობა 364%-ით გაიზარდა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებაში.

ამ დროის განმავლობაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე, სადაც ერთდროულად 9 ახალი საბაგირო გაიხსნა, რამაც ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

2010-2017 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 364%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ავსტრიული კომპანია SKIDATA-ს მიერ დამონტაჟებულმა თანამედროვე გამშვებმა პუნქტებმა ქვეყნის ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობის ზუსტი დათვლა შესაძლებელი გახადა. გასულ წლებთან შედარებით, წელს ზამთრის სეზონი გუდაურში საუკეთესო იყო, აღნიშნეს ეკონომიკის სამინისტროში. 2016-2017 წლებში კურორტზე 276634 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ზამთრის სეზონის მაჩვენებლებთან შედარებით 37%-ით მეტია. ბაკურიანში გასულ წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ზამთრის სეზონზე ამ კურორტს 115317 ვიზიტორი ეწვია. სვანეთში კურორტ თეთნულდზე 2016-2017 წლის სეზონზე 8948 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე კი — 7321.

გოდერძი — ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია და ვიზიტორებს მეორე წელია მასპინძლობს. წელს კურორტს 4491 ვიზიტორი ეწვია, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველო ცნობილი შვეიცარიელი ექსპერტისა და მკვლევარის ლორან ვანატის ყოველწლიურ "ზამთრისა და მთის ტურიზმის შესახებ საერთაშორისო ანგარიშში" მოხვდა. ანგარიშში ვანატი საუბრობს არამარტო სხვადასხვა ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალზე, არამედ მათი განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მკვლევარმა დაწერა, რომ წამყვან ევროპულ კურორტებთან ერთად საქართველო დარგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, განაცხადეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები