პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ხუთ საკითხზე შეთანხმდნენ

20.09.17 14:15


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ხუთ საკითხზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება ეხება, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე საარჩევნო ბარიერის დაწევას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას.

„საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვითვალისწინებთ რა, კონსტიტუციის განუსაზღვრელ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელწიფოებრივი გაძლიერებისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ ქვეყნის უმთავრესი კანონის განახლებული რედაქცია მიღებულ იქნეს კონსენსუსის საფუძველზე.

კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.

შესაბამისად, კონსტიტუციური რეფორმისთვის საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მინიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლებლობას ვხედავთ მხოლოდ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვალასა (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) და სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების შემთხვევაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციებისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე:

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) დაუყოვნებლივ შემოღება და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნება;

2. ბარიერის დაწევა 3%-მდე და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება;

3. უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზება;

4. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება;

5. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება“, – აღნიშნულია მხარეებს შორის მომზადებულ დოკუმენტში.

პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს კონსულტაციების გამართვას კიდევ ერთხელ სთხოვენ.

„ეს საკითხები ძირითადად ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ითვალისწინებს ქართული საზოგადოების განწყობებს. კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული შანსი“, – ნათქვამია დოკუმენტში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები