ეკონომიკა

კახელმა ფერმერებმა რთველში ამ დროისთვის თითქმის 92 მლნ ლარი გამოიმუშავეს

25.09.17 15:30


კახეთში მევენახეების შემოსავალმა ყურძნის რეალიზებიდან 91,7 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროში აგვისტოს ბოლოს დაიწყო.

ეტაპობრივად პროცესში სხვა რაიონებიც ჩაერთო.

სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად ქარხნებმა 80,3 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს.

ამ დროისთვის გადამუშავებულია 37 ათასი ტონა რქაწითელი, 37,7 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძენს 2017 წელს 100–ზე მეტი კომპანია იბარებს.

ყურძნის ჩაბარების მხრივ ლიდერობს ყვარლის რაიონი. იქ ფერმერებმა უკვე ჩააბარეს 27,3 ათასი ტონა – მთელი ჩაბარებული ყურძნის 26%.

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წელს კახელ ფერმერებს სუბსიდიას არ გამოუყოფს, როგორც ეს გასულ წლებში იყო და ეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე დიდი მოთხოვნილებით ახსნა.

ამასთან, ის ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს 0,70 ლარად შეისყიდის, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.

ამავდროულად, მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება „ალექსანდროულისა" და „მუჯარეთულის" სახეობების (ამ ყურძნის ჯიშებისგან მზადდება „ხვანჭკარა") შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები