ეკონომიკა

თბილისში ქართველი და ინდოელი ბიზნესმენები შეხვედრებს გამართავენ

25.09.17 18:00


თბილისში ქართულ-ინდურმა ბიზნეს-ფორუმმა სტარტი აიღო, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.

ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოვიდა. ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ინდოეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა იოგენდრა სანგვანმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანმა გახსნეს.

„დღეს თბილისში ათობით ინდოელი ბიზნესმენი შეიკრიბა, ჩვენთვის დიდი პატივია ამ ღონისძიების მასპინძლობა. დღეს ქართული კომპანიები ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-პოტენციალს სრულად წარმოაჩენენ. საქართველო ღიაა ინვესტიციებისა და ახალი თანამშრომლობისთვის", — განაცხადა ჩიქოვანმა ბიზნეს-ფორუმის გახსნის ცერემონიაზე.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რაც საქართველოს და ინდოეთის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობას მოიაზრებს.

ინდოეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ლუდსახარში ტექნოლოგიები, ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგოსექტორი, ტექნოლოგიები, მშენებლობა, მედია, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა.

ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია, ფორუმის მეორე ნაწილში კი ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება.

საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის დაწყების შესახებ.

2017 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოსა დ ინდოეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 34,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები