ეკონომიკა

ექსპერტი: ფასების კლება მოსალოდნელი არ არის

17.06.16 21:15


გაზრდილი სამომხმარებლო ფასები ლარის გამყარების მიუხედავად, თავდაპირველ ნიშნულს არ დაუბრუნდება, თვლის ექსპერტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში ლია ელიავა.

„სამომხმარებლო ფასებს ელასტიურობა არ ახასიათებთ და ერთხელ გაზრდილი ფასი 99% შემთხვევაში თავდაპირველ ნიშნულს არ უბრუნდება. ამიტომ ყველა ქვყანა ცდილობს ფასების ზრდა არ დაუშვას“, — განაცხადა ლია ელიავამ.

ექსპერტის აზრით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მას კანონში არ უწერია, რომ ვალუტის გაცვლითი კურსის მდგრადობა უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ვინაიდან ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მას ეროვნული ვალუტის ზრუნვა უწევს.

„ადრე ეროვნული ბანკი ყოველთვის ცდილობდა ლარის გაცვლითი კურსის მდგრადობის შენარჩუნებას, 2015 წელს კი მან პრაქტიკულად ხელი აიღო ვალუტის გამყარების ზრუნვაზე, რადგან არ ადარდებდა სავალუტო კურსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკასა და მოსახლეობაზე და მხოლოდ საკუთარი სავალუტო რეზერვების შენარჩუნებას ცდილობდა“, — მიაჩნია ლია ელიავას.

ელიავას აზრით, გასულ წელს ეროვნულ ბანკს თავისი რეზერვების 35% ანუ 1 მლრდ აშშ დოლარი რომ დაეხარჯა, საქართველოში სავალუტო კრიზისი არ იქნებოდა. რაც შეეხება სებ-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ შესყიდვებს, ექსპერტის თქმით, ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ დახარჯული რეზერვების შესავსებად აკეთებს.

„დღეს, ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, მხოლოდ თავის პრობლემებზე ზრუნავს და ამ შემთხვევაში, ეკონომიკა და მოსახლეობა გარკვეულწილად განყენებული საკითხებია“, — აღნიშნავს ექსპერტი.

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, მარტის თვის დასაწყისიდან შეჩერდა და ლარმა გამყარება დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 15%-ით გამყარდა.

ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარის გამყარების კურსი და პერიოდულად აუქციონებზე ვალუტას ყიდულობს.

მარტი-ივნისის პერიოდში 11 აუქციონზე სებ-მა 298 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები