პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა

20.10.17 14:00


საკონსტიტუციო ცვლილებები - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა:

"ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობა. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა.

სწორედ ამიტომ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, ვდგამდი ნაბიჯებს.

მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც.

სამწუხაროდ, ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, ,“ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქედან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან იყოს აცილებული შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს.

მთელ ამ პროცესში ჩვენ გვსურდა ქართული საზოგადოებისთვის ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. იყო მეორე სტანდარტიც - „ქართული ოცნების“, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები.

ჩემი დღევანდელი ნაბიჯიც მინდა განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა, პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ამავე დროს, მინდა მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს უფრო ძლიერი, უფრო მუშა და უფრო ეფექტური დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში.

მე დარწმუნებული ვარ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას და საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს.

ამ თვალსაზრისით, სულ ორ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სულ ორ დღეში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად, გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, იყოთ აქტიურნი, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში.

თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, რაიონებიდან, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში, ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურალიზმის და დემოკრატიის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები