საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად

22.06.16 17:55


საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად, - ამის შესახებ პოლიციის აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ მისასალმებელია პოლიციის აკადემიისა და შს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ნაბიჯები.

„მივესალმები იდეას, რომ პოლიციის აკადემიის სწავლება და მასშტაბები ფუნქციონირების უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით.

განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო და ყველაზე სტრატეგიული სფერო ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში.

საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად. სწორედ შს სამინისტროს და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან თამამი და კარგი. ჩვენ ამ სტრატეგიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არის ერთგვარი ღია კარის დღე.

„როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი მღებრიშვილს და მის გუნდს, იმისთვის რასაც დღეს აკეთებენ. დღეს არის ერთგვარი ღია კარის დღე. ახალგაზრდების ჩართულობა იმ რეფორმებსა და ცვლილებების პროცესში, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან. სწორედ ამას ემსახურება ეს პროცესი. თითოეული ახალგაზრდის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების პროცესში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მანვე წარმატება უსურვა შს სამინისტროს და პოლიციელებს და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის წარმატებაზეა დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება არის უზენაესი მიზანი ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთავრობისა და მოქალაქეების ჩართულობის გარეშე ამ მიზანს ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შს სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამათავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტს შს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა. ფორუმის მიზანს უწყების მუშაობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და კვალიფიციური მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები