პოლიტიკა

ელჩი საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს

14.11.17 18:00


საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ელჩის მიმართვის ტექსტშია აღნიშნული, იოსებ ნანობაშვილმა ბერძნულ ტელეკომპანია ART TV-ისგან, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მცდარი ინფორმაციის გასწორება მოითხოვა.

ამავე ტექსტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მცდარი ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო ტელეკომპანია ART TV-ის სიუჟეტი sti fora გახდა.

„ბოლო პერიოდში, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, საბერძნეთის მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, გაცნობებთ: საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო ტელეკომპანია ART TV-ის სიუჟეტი sti fora გახდა. ამ საკითხზე 10 ნოემბერს შევხვდი კომპანიის პრეზიდენტს გიორგიოს კარაძაფერისს, რომელმაც გაიზიარა ჩემი წუხილი და დაავალა სიუჟეტის ავტორს ფილიპოს კაბურისისს ვითარების გამოსწორება. ამ თემაზე 13 ნოემბერს, 13:30 საათზე გასულ სიუეჟეტში ფილიპოს კაბურისისსმა გაავრცელა ჩემი განცხადება, რომელშიც აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანია ART TV-ის გადაცემაში საქართველოს მოქალაქეები დადანაშაულებული იქნენ იმ დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და ვითხოვ, კომპანია ART TV-ის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ბატონი კარაძაფერისთან შევთანხმდით, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული სიუჟეტების მომზადებისას, ტელეკომპანია საელჩოსთან წინასწარ დააზუსტებს გასავრცელებელ ინფორმაციას. აღნიშნულის გარდა, გასულ კვირაში ოფიციალურად მივმართე საბერძნეთის ტელეკომპანიებს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია საქართველოს საელჩოსთან. ამ მიზნით, საელჩოში განისაზღვრა პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც ტელეკომპანიებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაციების დეტალების დაზუსტება“, – ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ. ასევე, გამოქვეყნდა ათენის პროკურატურის მიერ გავრცელებული, დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები.

ბერძნულმა მედიამ, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველების კრიმინალურმა დაჯგუფებამ 85 წლის მოხუცი ქალი დააყაჩაღა და აწამა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები