პოლიტიკა

აზერბაიჯანი საქართველოსგან განმარტებებს ითხოვს

28.11.17 20:00


საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს ხელისუფლებისაგან განმარტებებს ითხოვს.

მცირე დიპლომატიური სკანდალის მიზეზი თბილისში, სომხურ "ცენტრ" "აიარტუნში," მიმდინარე გამოფენაა, სადაც ყარაბაღელი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი.

აზერბაიჯანული მედია ამ ფაქტს "პროვოკაციული ხასიათის ანტიაზერბაიჯანულ ღონისძიებად" აფასებს.

"რეზონანსი" ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გუშინ აზერბაიჯანის საელჩოსთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოფენა კერძო ინიციატივაა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოფენაზე არ ყოფილა რაიმე ტიპის მინიშნება, რაც შელახავდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, რა ფორმით აპირებენ რეაგირებას ამ საკითხზე.

ექსპერტების შეფასებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოფენის ორგანიზებაში სახელმწიფო სტრუქტურები არ ყოფილან ჩართული, მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება მიუღებელია და აზერბაიჯანის შეშფოთება ბუნებრივია. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი სენსიტიური ღონისძიებების ჩატარებას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "აპა" იუწყება, თბილისში, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიასთან არსებულ ცენტრ "აიარტუნში", გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "აღორძინება", სადაც წარმოდგენილია დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან სომხეთის დიასპორის სამინისტრო, სომხური ფონდი "ტეკიანის ცენტრი" და ბარაბაღში მოქმედი ორგანიზაცია "ქალაქ შუშის მუზეუმი". გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისის სომეხი სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები. გახსნას ესწრებოდა ერთ-ერთი ყარაბაღელი მხატვარიც, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსაც მიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, გამოფენა კერძო ინიციტიატივით არის ორგანიზებული და მასში სახელმწიფო სტრუქტურებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

"საქართველო არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. ჩვენი ინფორმაციით, გამოფენაზე არ ყოფილა რაიმე ტიპის მინიშნება, რაც შელახავდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება კონკრეტულ გამოფენას, იგი კერძო ინიციატივაა, მასში არ ყოფილა ჩართული სახელმწიფო სტრუქტურები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

ამ პოზიციას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც იზიარებს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იმის ხაზგასმა, რომ გამოფენა კერძო ინიციატივით არის ჩატარებული და არც ერთ სტრუქტურას მასში წვლილი არ მიუძღვის, სწორია, თუმცა მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება მაინც მიუღებელია და აზერბაიჯანის შეშფოთება ბუნებრივია.

ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნების სიაში შედიან და მათს კონფლიქტში ქვეყანამ აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა შიენარჩუნოს.

"მგონია, რომ საქართველოში მსგავსი ღონისძიების გამართვა არ არის საჭირო, მით უმეტეს ყარაბაღთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

მოგეხსენებათ, ის ნომერ მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია. ამასთან, აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი, დღის წესრიგში დგას ახალი ენერგეტიკული პროექტების ამოქმედებაც. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, საქართველო ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოფენა არ არის მოწყობილი სახელმწიფოს მიერ, კერძო პირების მიერ ორგანიზებულიც იწვევს აზერბაიჯანის შეშფოთებას და მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები დაშვებული არ უნდა იყოს.

"საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ არის აბსულუტურად ნეიტრალური. ის მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და მე მგონია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები არ უნდა იმართებოდეს. ჩვენ არ უნდა გავანაწყენოთ არც ერთი მხარე. სომხეთიც და აზერბაიჯანიც არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების სიაში და, ბუნებრივია, საქართველომ აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, უკეთეს შემთხვევაში შუამავლის როლი შეასრულოს მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს, ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას. მისი თქმით, ეს ძალიან სენსიტიური და მტკივნეული საკითხია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის და საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას.

"ეს არ არის დრამატული შემთხვევა და ამის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობაში აპოკალიფსს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ასეთი ტიპის სენსიტიური პოლიტიკური თემები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს. ამასთან, ორგანიზაციებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ ისეთ საკითხებს, რაც პოლიტიკურად შეიძლება მტკივნეული და სენსიტიური იყოს ჩვენი მეზობლებისთვის.

"აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენი მეზობლები არიან და ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ასეთი ტიპის საკითხებს. ამიტომ ერთ ან მეორე მხარეს საბნის გადაქაჩვაში მონაწილეობას მაქსიმალურად უნდა ვერიდებოდეთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.




წყარო : /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები