ეკონომიკა

Swissinfo: შვეიცარიამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა

28.06.16 20:05


შვეიცარიული საინფორმაციო swissinfo.ch წერს, რომ შვეიცარია მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში 2013-2016 წლების თანამშრომლობის პროგრამის დასრულების შემდეგაც.

ბერნში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცის წევრმა სახელმწიფოებმა (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი) ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთან, რომელსაც წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საგანგებო საკითხის ხაზით განხილული იყო „ბრექსიტის“ თემაც.

ორშაბათს შვეცარიის ეკონომიკის მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი (რომელიც წელს, როტაციის პრინციპით, იკავებს პრეზიდენტის პოსტსაც) შეხვდა გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება შვეიცარიაში. ორმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონთან შვეიცარიის თანამშრომლობის სტრატეგია.

მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის წარმატებული ურთიერთობები და შვეიცარიის საქმიანობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს განვითარების საკითხებზე თანამშრომლობის პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას, საჯარო მომსახურებასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას. ბატონმა შნაიდერ-ამანმა აღნიშნა, რომ შვეიცარია მომავალშიც გააგრძელებს თავის საქმიანობას სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში, 2013-2016 წლების თანამშრომლობის პროგრამის დასრულების შემდეგაც.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვეიცარია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.

2009 წლის მარტის შემდეგ, უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე მხარის მანდატის ძალით, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს მოსკოვში და რუსეთის ფედერაციის ინტერსებს საქართველოში. დელეგაციებმა ასევე განიხილეს ეუთოს როლის მნიშვნელობა რეგიონის მწვავე წერტილებში.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ოთხმა წევრმა სახელმწიფომ ასევე წამოიწყო ოფიციალური მოლპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეკვადორთან, რომლებსაც, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ესწრებოდა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ხუან კარლოს კასინელი. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია მოლპარაკებები ინდოეთთან, ინდონეზიასთან, მალაიზიასა და ვიეტნამთან.

„ბრექსიტი“

შნაიდერ-ამანმა აღნიშნა, რომ, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის საფუძველზე, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის შეხვედრის დღის წესრიგი სახელდახელოდ იყო შედგენილი, რათა განსახილველი საკითხების სიაში შესულიყო ბრიტანელი ამომრჩევლების გადაწყვეტილება ევრკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.

შნაიდერ-ამანის თანახმად, დღის წესრიგში შეტანილი ცვლილების მიზანია თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციისთვის „ბრექსიტის“ შესაძლო შედეგების განხილვა და არა დისკუსია იმის თაობაზე, მიიღონ თუ არა უკან ბრიტანეთი „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ოჯახში“. ბრიტანეთი იყო ასოციაციის წევრი 1960-დან 1973 წლამდე, როცა ის გამოვიდა ორგანიზაციის შემადგენლობიდან და გაწევრდა ევროკავშირში.

შნაიდერ-ამანმა აღნიშნა, რომ სანამ ბრიტანეთი და ევროკავშირი განიხილავენ „ბრექსიტის“ დეტალებს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და ბრიტანეთის ურთიერთობები უცვლელი დარჩება. მისი თქმით, ასეთი სახის დისკუსიები „უადგილო იქნებოდა“.

„ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მხრიდან ამპარტავნების გამოხატულებად ჩაითვლებოდა ბრიტანეთისთვის თავის შეთავაზება“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის იქნება შესაძლებელი ასეთი სახის მოლპარაკებების დაწყება.

მან არ უარყო, რომ ბრიტანეთის გაწევრება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში ძირეულად შეცვლიდა თავად ორგანიზაციას და რომ ეს იდეა საკმაოდ მომხიბვლელია, „თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ სხვა პრიორიტეტი გვაქვს“.

„ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ყველა იურიდიული გაურკვევლობის შესაძლებლობა, – განაცხადა შნაიდერ-ამანმა, – მოქმედი შეთანხმება ბრიტანეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის გაუქმდება იმ დღეს, როცა ბრიტანეთი გავა ევროკავშირიდან. სწორედ ამ დღისთვის უნდა ჰქონდეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას მზად ახალი შეთანხმება, რათა მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს გასასვლელი მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის ბაზარზე“.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები