საზოგადოება

საქართველომ „კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალიდან“ ოქრო ჩამოიტანა

30.06.16 16:00


კრეატივის 63-ე საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“ საქართველომ პირველად ოქროს მედალი მოიპოვა, დღეს გამარჯვებულებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა.

რეკლამის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი 18-24 ივნისს კანში ჩატარდა.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში წარადგინეს: ნომინაციში Print (ბეჭდვითი რეკლამა) და დიზაინის კონკურსში —სააგენტომ АВК, კატეგორიაში Cyber (ციფრული კამპანიის დაგეგმვა)- კომპანიამ Leavingstone, კატეგორიაში Young Marketer (ახალგაზრდა მარკეტოლოგი) გამოვიდა „საქართველოს ბანკი“.

სწორედ „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა ანა მარკოზაშვილმა და ნინო უნგიაძემ ქვეყანას გამარჯვება მოუტანეს-მათ პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მიიღეს. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად კანადამ და თურქეთმა გადაინაწილეს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა.

„ეს იმის დადასტურებაა, რომ ახალგაზრდობისათვის, რომელსაც ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილი და მისწრაფება ახასიათებს, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ეს მთელი ახალგაზრდობისათვის მისაბაძი მაგალითია“,-თქვა კიკორიამ.

მალე სარეკლამო პროდუქტები, რომლებითაც ქართველმა მონაწილეებმა კანში გაიმარჯვეს, ფესტივალის ქართველი წარმომადგენლების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი „კანის ლომები“ რეკლამის მწარმოებლების ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალად ითვლება. ნამუშევრები ჯილდოვდება ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ლომებით და გრან-პრი ზოგიერთ კატეგორიაში როგორც სარეკლამო კამპანიებისათვის, ასევე ტექნიკურ სფეროში მიღწევებისათვის.

კონკურსში მსაჯობას როგორც იდეისათვის, ასევე მისი ხორცშესხმისათვის ახორციელებს ჟიური, რომელიც მთელი მსოფლიოს სარეკლამო სააგენტოების შემოქმედებითი დირექტორებისგან შედგება.

საქართველო კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“ მონაწილეობას უკვე მეორე წელია ღებულობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები