საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის

24.04.18 16:15


მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა, რომლის მთავარ არსს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ.

იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.

“ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი”, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები