საზოგადოება

ქართველი სამხედროები ავღანეთში მორიგ როტაციას განახორციელებენ

05.07.16 15:10


საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისათვის, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 32-ე ბატალიონის “ბრავო“ ასეულს ჩაანაცვლებს.

„ამ ბრიგადისთვის ეს არ არის პირველი მისია ავღანეთში და დარწმუნებული ვარ, თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ამაყად ჩაიტანთ საქართველოს დროშას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ,ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, თქვენც ამაყად ემსახურებით ამ დროშას, დაიცავთ მის ღირსებას და კიდევ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვით ჩვენი სამხედროების კეთილსინდისიერი, გამძლე, გმირული ცხოვრების წესის და ბრძოლისუნარიანობის შესახებ», — უთხრა მისიაში მიმავალ სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

ქართველი სამხედროების ავღანეთში გამგზავრების ზუსტი თარიღი უცნობია.
დღეისათვის ნატოს მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 13 ქალია.

გარდა ამისა ქართველი სამხედროები ევროკავშირის მისიაშიც არიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, სადაც შესაბამისად 5 და ერთი ოფიცრით არიან წარმოდგენილნი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები