საზოგადოება

"უნდა აიკძალოს თუ არა რუსული არხები?"

06.05.16 20:00


"არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რამდენიმე რუსული არხის აკრძალვას ითხოვს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით აქტიურად აგრძელებს. "ჰიბრიდული ომის ცენტრალური კომპონენტი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომია, რომლის მთავარი მიზანი, მოსახლეობაში დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფითი და ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა...", - ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებელი კომისია უცხოური სამაუწყებლო არხების შეზღუდვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. "კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის განცხადების ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იწყებს. თითოეულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი გარემოება", - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უნდა აირძალოს თუ არა რუსული არხები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა" - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.

"მგონია, რომ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პოლიტიკის ელემენტს შეადგენს. რატომღაც მახსენდება გამსახურდიას პერიოდი, როდესაც რუსული პრესა აიკრძალა, მაგრამ ამან დიდი შედეგი ვერ გამოიღო. მე მგონი, ჩვენი საზოგადოება საკმარისად განათლებულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის პროპაგანდას არ აჰყვეს. ფასეულობები ჩამოყალიბებული გვაქვს, ამიტომ არ მგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"რა თქმა უნდა, რუსული არხები აუცილებლად უნდა აიკრძალოს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე რაც ნაკლები იქნება რუსული პროპაგანდა, მით უკეთესი იქნება და ადამიანები სიმართლეს უკეთესად გაიგებენ", - ამბობს ორგანიზაციის "საქართველო არ იყიდება" წარმომადგენელი გიგა ნასარიძე

"რუსული არხების აკრძალვას არანაირ შემთხვევაში არ ვეთანხმები. სააკაშვილის დროს 9 წელიწადი რომ საერთოდ ვაკუუმში ვიმყოფებოდით, გვეყოფა. არასამთავრობოებს ჰგონიათ, რომ ხალხი სულელია. ვინც ჭკვიანია, ყოველთვის მიხვდება, პროპაგანდაა თუ სხვა რამ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საერთოდ გასარკვევია, ეს არასამთავრობოები ვისგან ფინანსდებიან და რა პოლიტიკას ატარებენ. ვიღაცამ, რას ვუყურო, რატომ უნდა შემიზღუდოს?!", - მიიჩნევს ჟურნალისტი ანა რატიანი.

"არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლიბერალური აზრის მომხრეები არიან, სინამდვილეში ტოტალიტარიზმის მიმდევრები არიან. მათ უნდათ, რომ ადამიანს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება მოაკლონ. საერთოდ უცნაური მოვლენაა, როცა ლიბერალური ორგანიზაციები ტოტალიტარიზმისკენ იხრებიან.
მათი მოთხოვნის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ", - თვლის ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"რომელ ქვეყანასთანაც ომის მდგომარეობაში იმყოფები, მათი არხების ჩვენება სახიფათოდ მიმაჩნია. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, ქართული საზოგადოებისთვის არა მარტო რუსული არხებია სახიფათო, არამედ ქართული არხებიც სახიფათო გახდა. რას ემსახურებიან და რა უნდათ, მკაფიოდ არ ჩანს. იმის მაგივრად, რომ საზოგადოების კონსოლიდაციას ემსახურებოდნენ და ეროვნული სახელმწიფოებრივი სიმტკიცისთვის დგამდნენ ნაბიჯებს, ცალკეული პარტიების ინტერესებს ემსახურებიან", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები