საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

15.06.18 20:50


ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

კერძოდ, ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორ, კრისტიან დანიელსონთან, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორ, კრისტინა რუსოთან, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორ, ლორენს მერედიტსა, და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც სკოლამდელი განათლების, ასევე, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა განათლების ყველა საფეხურზე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე სიახლეებზე.

მათ შორის, პროფესიული კოლეჯების უმაღლესი განათლების ბაზაზე დაფუძნების საკითხზე, პროფესიული განათლების სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აგრარული კოლეჯის განვითარების საკითხზე და ახალ კანონპროექტზე, რომელიც პროფესიულ განათლებაში არსებულ ბარიერებს დაარეგულირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ევროკომისიის რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის პროექტი. აღნიშნულ სკოლაში ქართველ მოზარდებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებიც შეძლებენ სწავლას. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და სკოლა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკომისიისთვის განათლების სფერო პრიორიტეტულია. შესაბამისად, მათი თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები