პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის პოზიცია და გზავნილები სერიოზულია, საყურადღებოა და ამ თვალსაზრისით მაორგანიზებელი უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის

21.07.18 19:30


რუსეთის პოზიცია და გზავნილები სერიოზულია, საყურადღებოა და ამ თვალსაზრისით მაორგანიზებელი უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პუტინის ეს განცხადებები არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვითი პოზიცია ნატო-ს სამიტზე საქართველოს მიღწევების ფონზე.

„2007-ში დაიწყო ის რიტორიკა, რომელიც პუტინმა 2008 წელს შეასრულა. 2007-ში მიუნხენის სამიტზე დაფიქსირდა რუსეთის საგარეო პრიორიტეტები და იქ ნათლად ითქვა, რომ რუსეთს ექნება თავისი ინტერესი პრივილიგიის ზონებში და რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებდა. მოხდა მაშინ ყურადღების ადეკვატურად გამახვილება?! არ მომხდარა არც 2007-ში, არც 2008-ში, არც 2009-ში ან 2010-ში. ველოდეთ სანამ 2014 წელს არ მოხდა ყირიმი.

აქედან გამომდინარე, რუსეთის პოზიცია არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. რუსეთის პოზიცია და გზავნილები სერიოზულია, საყურადღებოა და ამ თვალსაზრისით მაორგანიზებელი უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს არ გულისხმობს დათმობას, ეს გულისხმობს მეტ კოორდინაციას ერთიანი მიზნისკენ. ყურადღება არ მივაქციოთ, რას ამბობს პუტინი?! ეს იქნება არასწორი. ამ წლის მარტში როდესაც ვიყავი აშშ-ში, სწორედ ამ პოზიციას ვუფიქსირებდი პარტნიორებს, რომ 2007-ში არ მოუსმინეს მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს. ახლა დააკვირდით საარჩევნო კამპანიას, ეს კამპანია ორიენტირებულია ახალი ცივი ომისკენ. ამიტომ, დღეს საქართველოს სჭირდება აშშ-საქართველოს მხარდაჭერის აქტი და ამიტომ მოვახდინე ამ აქტის ინიცირება. უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, არაფრის დიდებით არ უნდა მივაჩუმათოთ ეს პროცესი და ამ პროცესის შედეგად უნდა მივაღწიოთ სწრაფ, კოორდინირებულ მოქმედებებს დასავლეთსა და საქართველოს შორის. ამ თემაზე მქონდა საუბარი ვაშინგტონში, ეს თემა იყო, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს ბრიუსელში“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები