საზოგადოება

კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

11.07.16 15:35


30 ივლისს ურეკში ახალ საკონცერტო დარბაზში “Black sea arena”-ზე ცნობილი ამერიკელი მომღერლის ქრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართება.

საკონცერტო დარბაზი “Black sea arena” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” მიერ აშენდა, რომელიც დღეს სახელმწიფოს გადაეცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი მსოფლიოს და საქართველოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ცნობილია, რომ აგილერას გარდა, Black Sea Arena-ზე ლეგენდარული გერმანული ჯგუფი "Scorpions" იმღერებს. ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდუსერები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ფონდმა „ქართუმ“ საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანიამ „დრაი არქიტექტენმა“ იმუშავა.

სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ და კომპანია „ელიტა ბურჯმა“ აწარმოა.

არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ერთ შენობაში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრების ოთახები და სამედიცინო პუნქტი, ხოლო მეორე შენობაში დარბაზის ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი.

პროექტი Black Sea Arena რამდენიმე მიზნისთვის შეიქმნა: რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარებისათვის, ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე მშენებლობის სფეროში მსოფლიო სტანდარტების შემოღების მიზნით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები