საზოგადოება

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი მოსკოვის გრან პრიზე და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიული შედეგი

19.11.18 11:05


მოსკოვის გრან პრის მეხუთე ეტაპზე, ქართველმა მორის ყვითელაშვილმა წარმატებით იასპარეზა და გამოსვლა მეორე ადგილზე, ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიში რეკორდული შედეგია.

მორის ყვითელაშვილი მოსკოვის ეტაპზე ისეთ ტიტულოვან მოციგურავეებთან ასპარეზობდა, როგორებიცაა ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი იუძურუ ჰანიუ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში და ორგზის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, რუსეთის ჩემპიონი მიხეილ კოლიადა, მოციგურავეები შევდეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან,გერმანიიდან, კანადიდან.მორისმა ორი პროგრამის ჯამში 248, 58 ქულა დააგროვა და დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვა, გამარჯვება მხოლოდ იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს იუძურუ ჰანიუს დაუთმო, ხოლო რუს მოციგურავეს კი 23, 5 ქულით აჯობა.მორისის წარმატებას განსაკუთრებულობას ძენს ისიც, რომ მისი გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მის მიერ შესრულებული ტექნიკური ელემენტები და მათ შორის, ურთულესი სამი ოთხხმაგი ნახტომი, მსაჯების მიერ შეფასდა ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულით 81, 20, რაც თვით იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონზეც კი 3, 5 ქულით მეტი აღმოჩნდა.

ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას სერიოზული გადაწყვეტილების მიღება უწევს და ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და კეთილდღეობას, არამედ მისი სამშობლოს ფესვებისა და ისტორიული წარსულის მიმართ პატივისცემასა და აღიარებას უკავშირდება. სწორედ ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა მოუწია მოციგურავე მორის ყვითელაშვილს, როცა მან საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, მაკა გიორგობიანის უშუალო ინიციატივით, 2015-2016 წლიდან რუსეთის ფედერაციის სახელით გამოსვლას ქართული დროშითა და საქართველოს წარმომადგენლობის ამსახველი სპორტული სამოსით ასპარეზობა ჩაანაცვლა.

რუსეთის სახელით რამდენიმე წლიანი გამოსვლის მანძილზე მორის ყვითელაშვილს არ მიუღწევია ისეთი რაოდენობის წარმატებისათვის, რამდენიც საქართველოს სახელით ასპარეზობამ მოუტანა მის სპორტულ კარიერას.

კერძოდ, 2017 წელს მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “Ice Star MInsk” მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ,ამავე წელს შანხაიში გამართულ ტურნირზე “Ice Shankhai Trophy”-ზე კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ,2017 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “Golden Zagreb Spins”-ზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი, 2018 წელს ფინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “FInlandi Trophy” ბრინჯაოს მედალი, 2018 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად მოპოვებული ლიცენზია და ასპარეზობა ოთხწლეულის მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმზე, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სარეიტინგო ადგილი და ორი მოპოვებული საგზური 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ამ წარმატებების ლოგიკური გაგრძელება გახდა ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო ტურნირ ” გრან პრის ” სერიის მეხუთე ეტაპზე , რომელიც 16-18 ნოემბერს გაიმართა მოსკოვში, მეგასპორტის არენაზე, მორის ყვითელაშვილის მოერ მოპოვებული მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი.

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი პირველი ისტორიული შედეგია, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა აჩვენა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან-პრის ეტაპია, რომელიც 1995 წლიდან იმართება საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით და რომელიც ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ყველაზე რეიტინგული ტურნირია, სადაც მონაწილეობენ მსოფლიო სარეიტინგო სიის საუკეთესო სპორტსმენები.

წყარო: ipress.ge

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები