პოლიტიკა

როს უილსონი - საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში, ეს არის ფუნდამენტური ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ

15.02.19 16:20


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეფორმის ყველა მიმართულება, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილი და მისი ცალკეული კომპონენტები, როგორებიცაა ახალი სკოლის მოდელი, კურიკულუმი, მასწავლებლების პროფესიული ზრდა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის თქმით, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა რეფორმის მიმართულებების განხილვისა და ერთობლივი გეგმების შემუშავებისთვის. მან გამოთქვა მზაობა, აშშ-ის საელჩო აქტიურად ჩაერთოს იმ ამბიციური გეგმების განხორციელებაში, რაც სამინისტროს გააჩნია - იქნება ეს კურიკულუმი, მასწავლებლების განვითარება, თუ ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით აშშ-ის დახმარება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში განუზომლად დიდია.

„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან განგვეხილა ის რეფორმები, რაც იგეგმება განათლების სისტემაში. ვიმსჯელეთ საკითხებზე, ამ პროცესში როგორ დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების შედეგად მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების სექტორში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. განათლება არის ფუნდამენტური ამ ქვეყნის მომავლისთვის და მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ“, - როს უილსონმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს განათლების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა სისტემური რეფორმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის ყველა კომპონენტი.

„ისეთი ქვეყნის მხარდაჭერა რეფორმების მიმართულებით, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უმნიშვნელოვანია სისტემაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელებისას“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

შეხვედრას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე ესწრებოდნენ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები