პოლიტიკა

გიორგი პაპუაშვილი - ველოდები შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან და ამის შემდეგ მზად ვარ შევხვდე მთავარ პროკურორს

26.07.16 17:35


პრეზიდენტს შევხვდი და ახლა ველოდები შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, ბათუმში განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ზუსტად არ იცის, როდის შეხვდება პრემიერ მინისტრს.

„პრემიერი დამპირდა, რომ როცა მოიცლიდა, დამირეკავდა, დამიკავშირდებოდნენ. მე ყოველთვის მზად ვარ შესახვედრად“, - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ინტერესი ექნებათ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა პირებს, მათაც შეხვდება და გააცნობს საქმის არსს. გიორგი პაპუაშვილმა პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზეც გააკეთა კომენტარი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არც წერილობით და არც საჯარო მიმართვის საფუძველზე არავითარი რეაგირება არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, როცა ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.

მაგრამ, ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც მე შევხვდებოდი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, პრემიერს და სხვა დაინტერესებულ პირებს და მოვიფიქრებდით იმ ეფექტურ მექანიზმს, რაც გარანტიას მოგვცემდა, რომ ამჯერად მაინც იყოს გამოძიება გარკვეული შედეგების მომტანი, მათთან შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მზად ვარ შევხვდე მთავარ პროკურორს იმის დასადასტურებლად, რომ რეალური შეიძლება იყოს მათგან წამოსული გამოძიება და არა გამოძიება გამოძიებისათვის“, - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები