საზოგადოება

პროკურატურა თანამშრომელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა

28.07.16 22:05


საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის გაზრდა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთანაა დაკავშირებული და არა მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდის ხარჯზე,ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) კვირის დასაწყისში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელთა ხელფასების 2012-2015 წლებში 69%-ით გაიზარდა და 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელფასო ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება 2011-2015 წლების საშტატო ერთეულის გაზრდას.

პროკურატურის მონაცემებით, 2011 წელს პროკურატურაში 626 თანამშრომელი ირიცხებოდა, 2015 წლის მდგომარეობით კი — 815. თანამშრომელთა შტატების გაზრდა ათასობით მოქალაქის საჩივრებმა და ახალი დეპარტამენტებისა და სამმართველოს შექმნამ გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, 814 თანამშრომლიდან მხოლოდ 53-ია მაღალი თანამდებობის პირი — მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

დღევანდელი მდგომარეობით, პროკურატურის თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება 2469 ლარს შეადგენს, რაც 43%-ით მეტია 2011 წლის შესაბამის შრომის ანაზღაურებასთან (1721 ლარი).

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, მთავარ პროკურატურაში 2015 წელს საპრემიო ფონდი 3 მლნ 478 ათას 539 ლარით შემცირდა, თუმცა დანამატი 3 მლნ 854 ათას 353 ლარით გაიზარდა.

შესაბამისად, პრემიისა და დანამატის საერთო მოცულობა 10 მლნ 619 ათას 509 ლარამდე გაიზარდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები