საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება იმისთვის, რომ ბიუჯეტი დავგეგმოთ მათი საჭიროებების გათვალისწინებით

23.07.19 16:00


აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებსა და სოფლებში. შეხვედრების დროს მოსახლეობასთან ვსაუბრობთ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და გვჭირდება ამ ინფორმაციის მოსმენა იმისთვის, რომ შესაბამისად დავგეგმოთ შემდეგი წლის ბიუჯეტი, შესაბამისად, დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და მეტიც, დავგეგმოთ მთელი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ის პროგრამები, ის პროექტები, რომლებსაც არამხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა ვახორციელებთ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების ნოღასა და გორდის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

 

„ახლა სოფელ ნოღაში ვიმყოფებით და ამ სოფელზე გადის ძიძილეთი-გორდი-ნოღას გზა. ეს არის ახალი გზა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ იმერეთში ტურისტური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ გზის მეშვეობით ოკაცეს კანიონთან და გორდის თემთან დაკავშირება ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, უშუალოდ ამ სოფლებზე გაივლის ის ტურისტული გზა, რომელიც მისცემს სოფლის მცხოვრებლებს საშუალებას მოიზიდონ მეტი ტურისტი და ჩაებან ტურისტულ საქმიანობაში - გახსნან საოჯახო სასტუმროები ან სოფლი მეურნეობის პროდუქციით მოემსახურონ ტურისტს და ამით მიიღონ შემოსავალი“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო როგორც სოფლის მეურნეობის პროექტებს, ისე ტურიზმის ხელშეწყობისთვის საჭირო საოჯახო სასტუმროების საგრანტო კომპონენტებსა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებს.

 

სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

ვიცე-პრემიერმა ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერა. გზის მშენებლობაზე დასაქმებულია სოფელ ნოღასა და გორდის მოსახლეობა. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ნაცვლად 60 კმ-ისა, 9 კმ იქნება.

 

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები