ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება

20.08.19 10:50


ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12,4%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მიმდინარე წლის იანვრიდან 1,6%-ით გაიზარდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ამავე დროს, 2019 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - 4,7%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში.

მთლიანობაში, საგარეო ბრუნვა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა და დაახლოებით 7,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,5%-ია.

რა გადის საქართველოდან

საქართველოდან საკმაოდ ფართო ასორტიმენტის საქონელი გადის - სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი შეიქმნა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 31,2%-ით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების - 56,7%-ით, მედიკამენტების - 54,8%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინის - 7,7%-ით და ა.შ.

ამავე დროს, ფეროშენადნობების ექსპორტი 5%-ით შემცირდა.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ იმპორტის შემცირება საქართველოში დიდი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას უკავშირდება. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე მოქმედებს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ შიდა დანაზოგების ზრდა.

„საქსტატის" მონაცემებით, იმპორტი, ძირითადად, ნავთობპროდუქტების მოწოდების 17,3%-ით შემცირების გამო ეცემა.

საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ შემოტანილი დიზელის საწვავის ოდენობის შემცირებას, რაც, ძირითადად, უკავშირდება საწვავის ამ სახეობის რეექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოდან თურქეთში. ასევე, ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში, გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა, შემოაქვთ მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადანი და კონცენტრატი, დაფასოებული მედიკამენტები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ შვიდ თვეში 51,4%-ით გაიზარდა, მედიკამენტების - 10%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 3,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების - 7%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ შვიდ თვეში დაახლოებით 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 33,8%-ია.

პირველ ადგილზეა თურქეთი.

მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა.

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გაიტანეს დაახლოებით 49,3 ათასი ტონა ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნეული და კონცენტრატი, 10 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, დაახლოებით 1,2 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა დაახლოებით 15,1 ათასი ტონა შავი ლითონის კონსტრუქციები, დაახლოებით 4,6 ათასი ტონა იზოლირებული მავთულები და კაბელები, 852 ტონა დაფასოებული მედიკამენტი, დაახლოებით 27,5 ათასი ტონა მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 1646 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 790,2 მლნ დოლარი შეადგინა - საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,2%.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 78,8 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 22 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 54,5 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 39,7 ტონა ცენტრიფუგა, 3,9 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.
რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორია - 2019 წლის იანვარ-ივლისში რუსეთში დაახლოებით 29,1 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.

ამასთან, რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია - წლის დასაწყისიდან დაახლოებით 172,1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 173,2 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 63,6 ათასი ტონა ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 155,8 ათასი ტონა ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან, 53,3 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და სხვ.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი

აზერბაიჯანთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 600,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,5%-ს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში გავიდა 10 788 მსუბუქი ავტომობილი, 1,1 ათასი ტონა სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, 459,9 ტონა მედიკამენტები, 844 სატვირთო ავტომობილი და სხვ.

აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 1 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, 31,6 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, დაახლოებით 116,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, 231 ათასი ტონა ცემენტი, 19,1 ათას ტონაზე მეტი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე და სხვ.

საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება.

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან ასევე: ჩინეთი - 567,9 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა - 362 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი - 334,8 მლნ აშშ დოლარი, აშშ - 302 მლნ აშშ დოლარი, გერმანია - 277,6 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთი - 238,2 მლნ აშშ დოლარი, რუმინეთი - 242,4 მლნ აშშ დოლარი.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან - საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ივლისში დაახლოებით 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5,2%-ით ჩამოუვარდება. ექსპორტმა შეადგინა 503,5 მლნ დოლარი - 20,6%-ით მეტი, იმპორტმა - 1,3 მლრდ დოლარი - 12,6%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27,2%-ია.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომლის განუყოფელი ნაწილია ხელშეკრულება თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ.

საქართველოს ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან ასევე წარმატებით ვითარდება - სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის პირველ შვიდ თვეში 2,4 მილიარდი დოლარია, რაც 0,7%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტმა შეადგინა 1,1 მლრდ დოლარი - 26,6%-ით მეტი 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, იმპორტმა - 1,3 მლრდ დოლარი - 14,3%-ით ნაკლები. დსთ-ის ქვეყნების წილი უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6,9%-ია.

გასაღების ბაზრები ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

საექსპორტო ქართულმა ღვინომ მკაცრი კონტროლი გაიარა.

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმებას საქართველომ 2017 წლის აპრილში მოაწერა ხელი.

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-სთან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები