პოლიტიკა

საფრანგეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

22.08.19 15:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის" მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.

მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები