საზოგადოება

“არ წაგვართვათ სტუდენტობის უფლება” – სამინისტროსთან აბიტურიენტების ნაწილის აქცია იგეგმება

06.09.19 12:00


დღეს, 6 სექტემბერს, განათლების სამინისტროსთან აქცია იგეგმება, რომელზეც დაბალი საკონკურსო ქულების მქონე აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას მოითხოვენ. “2019 წლის 2%-ს არ წაგვართვათ სტუდენტობის უფლება” – შეკრება ამ სახელწოდებით, უწყების შენობასთან 16:00-ზე დაიწყება.

ორგანიზატორის, მოქალაქე დავით ბესტავიშვილის თქმით, ზემოაღნიშნულმა აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე 4-ვე საგანი ჩააბარეს და “გადალახეს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი”. თუმცა, იმის გამო, რომ უნივერსიტეტების ჩამონათვალში შედარებით დაბალრეიტინგული საგანმანათლებლო პროგრამები ვერ მიუთითეს, სასწავლებლების გარეთ დარჩნენ.

“აღნიშნული მიზეზის გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების აღნიშნული 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები.

აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს.

მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე – აღნიშნული 2% სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში”, – წერს ბესტავიშვილი ონლაინ პეტიციის ტექსტში, რომელსაც 3 000 ხელმომწერი ჰყავს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოთხოვნას მოგვიანებით უპასუხებენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები