საზოგადოება

საქართველოში С-ჰეპატიტისგან დაახლოებით 55 ათასი ადამიანი განიკურნა

19.09.19 14:00


ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს დაახლოებით 55 ათასი ადამიანი განიკურნა С-ჰეპატიტისგან, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

საუკეთესო მსოფლიოში - საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით სანიმუშო ქვეყნად აღიარეს.

ამ დროისთვის მკურნალობის კურსი დაამთავრა 56 ათასმა მოქალაქემ, აქედან 98%-ზე მეტმა ამ დაავადების სრულად დამარცხება შეძლო.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან С-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ლაბორატორიული კვლევები სრულიად უფასო გახდა.

უწყების ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქვეყანაში С-ჰეპატიტის ვირუსი მთლიანად დამარცხდეს, საჭიროა კიდევ დაახლოებით 70 ათასი ინფიცირებულის განკურნება.

ცენტრის სპეციალისტები ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაიტარონ უფასო სკრინინგ-ტესტი და, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამაში. С-ჰეპატიტის ძვირადღირებული მკურნალობა საქართველოში უფასოა.

„გამოიყენე უნიკალური შანსი და უფასოდ ჩაერთე მკურნალობაში", – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: 1505 ან 2116001.

საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C-ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. C-ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი არსად არ ყოფილა მსოფლიოში.

С-ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის" ურიგებენ.

პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის 8% С-ჰეპატიტის მატარებელი იყო, ამიტომ ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები