პოლიტიკა

კურტ ვოლკერი: აშშ-ს სურს რუსეთთან საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პრობლემის მოგვარება, თუმცა მოსკოვის მხრიდან ამის სურვილს ვერ ხედავს

24.09.19 13:50


უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან, პირდაპირი კონტაქტების დალაგებას ურჩევს.

ამის შესახებ ვოლკერმა უკრაინულ გამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში „ნორმანდიული ფორმატის“ შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ასევე გერმანიის კანცლერი უკრაინის წინააღმდეგ განწყობილი არ არიან, თუმცა მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირ კავშირს თავისი უპირატესობები გააჩნია.

„ნამდვილად ვხედავ პოტენციურ სარგებელს რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებში. არ მგონია, რომ ეს ერთადერთი ვარიანტი უნდა იყოს.

ნორმანდიული ფორმატიც კარგია. ორმხრივი რუსეთ-ამერიკული ურთიერთობებიც თავის ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ბოლო დროს ტყვეების გაცვლა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის პირდაპირი კონტაქტის შედეგად მოხდა. მათ პრობლემის მოგვარება თანაშემწეებს მიანდეს და საკითხის მოგვარება შესაძლებელიც გახდა.

პრეზიდენტების კონტაქტებს თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა ყველაფერი კონტექსტში უნდა იყოს“, – განმარტა ვოლკერმა.

კურტ ვოლკერი პუტინს ახასიათებს როგორც ჭკვიან ადამიანს, კარგ სტრატეგსა და ეფექტურ ლიდერს.

„თუმცა ის ავტორიტარულ სისტემას მართავს, რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ არის აგრესიული და ამას პრინციპულად არ ვეთანხმებით, თუმცა გვჯერა, რომ შევძლებთ პრობლემების მოგვარებას ისეთ ადამიანებთანაც, რომელთა პოლიტიკას არ ვეთანხმებით“,-აღნიშნა ვოლკერმა.

მისივე თქმით, აშშ-ის უნდა რუსეთთან სარაკეტო შეთანხმების დარღვევის, სირიაში შეჭრის საკითხის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცების პრობლემის მოგვარება, თუმცა მოსკოვის მხრიდან ამის სურვილს ვერ ხედავს.

ამასთან, ვოლკერის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია „განხილვების და არა – დაპირისპირების შედეგად“.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები