პოლიტიკა

"პოლიტიკური სპექტრი დღეს არ არის მზად პროპორციულზე გადასასვლელად"- დიმიტრი ხუნდაძე

13.11.19 11:00


"ქართული ოვნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად და პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად. ხუნდაძე ირწმუნება, რომ მაჟორიტარული სისტემა ქვეყანის სტაბილურობის გარანტია.

"ეს არ არის გუშინდელი გადაწყვეტილება, მე ამ სისტემას ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი და ორჯერ კომპრომისი გავწიე იმის გამო, რომ ეს იყო პირობადადებული, როცა არც ერთი და არც მეორე პირობა არ შესრულდა,” - უთხრა ხუნდაძემ მედიას "ქართული ოცნების" ოფისში შესვლამდე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უმრავლესობის წევრები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დილიდან მსჯელობენ.

ხუნდაძე ამბობს, რომ " ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას შეეცდება".

"მე არ ვაპირებ ბატონ ბიძინასთან დაპირისპირებას. მასთან მაქვს დიდი ხნის ნაცნობობა, ვიდრე პოლიტიკური ცხოვრების რამოდენიმე წელია.

ამიტომ მე არ ვაპირებ დაპირისპირებას, მე ვაპირებ დარწმუნებას, რომ საფრთხეები არის რეალური" - თქვა დეპუტატმა.

მისივე განცხადებით, გამოჩნდებიან პარლამენტარები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

"თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად. ერთი შემიძლია გითხრათ, იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო გუშინ საღამოს...

პირველი პირობა იყო ის, რომ 2024 წელს უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მანამდე კი შევძლებდით, რომ თვითმმართველობა იყოს ძლიერი.

მეორე პირობა 20-21 ივნისის ღამის შემდეგ, იქნა გაცემული და იყო იმგვარად ახსნილი, თითქოს, აქციები დაშოშმინდება,"- თქვა დეპუტატმა და ოპოზიცია პირობის დარღვევაში დაადანაშაულა.

"ეს პირობაც დაირღვა, ვინაიდან, აქციები არ შეწყვეტილა. საწინააღმდეგოდ, კი მას საჯარო მოხელეებისა და ხელოსუფლების მიმართ დესტრუქციული ქმედებები მოყვა.

და ბოლოს, გალაშქრება პატრიარქზე და რწმენაზე, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი დღეს მზად არ არის" - განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

გუშინ კი კანონპროექტის განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს "ბიძინა ივანიშვილის დადგმული სპექტაკლია", რომ ძალაუფლება მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნოს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები