პოლიტიკა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა

21.11.19 10:30


საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.

ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი და აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა იყო. კიდევ ერთხელ აღინიშნა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებების კატეგორიული მიუღებლობა და ხაზი გაესვა ქართველი ექიმის დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ლიდერთა მოახლოებულ შეკრებას ლონდონში და იმას, თუ როგორ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი ალიანსის მაღალი დონის შეხვედრაზე.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის აქტიურ, პრაქტიკულ ჩართულობას ამ მიმართულებით ნატოს ქმედებებში.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ასევე ითანამშრომლონ შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის და ორი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენაში.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. დავით ზალკალიანმა და ინე მარიე ერიკსენ სორაიდემ კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიფიკაციის გამო.

ხორვატიის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრილჩ რადმანმა და დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხორვატიის წარმატებულ გამოცდილებაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორვატიის პრიორიტეტებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფრაგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილესთან და ევროპარლამენტარებთნ.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები