პოლიტიკა

ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

06.12.19 15:20


საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ლიეტუვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარემ, შარუნას კესერაუსკასმა ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

“ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ერთობ მნიშვნელოვანია ისეთი უწყებისათვის, როგორიცაა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. მადლობა პროექტის გუნდის ხელმძღვანელს აურელიო ლა ტორეს, ყველა მონაწილეს და ექსპერტს. ის განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც უკავშირდებოდა კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული და ასევე სხვა ამოცანები, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიერ დროულ და ჯეროვან აღსრულებას უკავშირდება, სრულფასოვნად განხორციელდება”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას და უცხოელ კოლეგას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგები დეტალურად განიხილეს, მათ შორის, კონკურენციის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა.

ასევე, განხილვის თემა იყო ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმები და საქართველოში კონკურენციის სფეროში არსებული გამოწვევები და სააგენტოს სრულფასოვანი, სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელი პერსპექტივები.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები