პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პატიმრების რაოდენობა გავანახევრეთ, შემცირდა მათი გარდაცვალების რაოდენობაც

20.01.20 12:00


„პენიტენციური სისტემა არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის მოქალაქეებს, მაშინ როდესაც მათ თავისუფლება აქვთ შეზღუდული და ბევრად უფრო მოწყვლადები არიან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ადამიანის ულებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც ხელისუფლება განუხრელად იცავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წელს მმართველმა პარტიამ თავის პროგრამაში გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დაცვა, როგორც პრიორიტეტი.

„პირველ რიგში მინდა შევეხო იმ სისტემას , სადაც ადამიანები არიან მოწყვლადები, თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. ეს არის პენიტენციური დაწესებულება, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა საზოგადოებამ შეცვალა სიტუაცია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გაუქმდა ისეთი პენიტენციური დაწესებულებები, სადაც ადამიანების განთავსება გაიგივებული იყო არაჰუმანურ მოპყრობასთან და არაადამიანურ პირობებში ყოფნასთან.

„ჩვენ ერთად შევძელით დაგვეხურა ეს დაწესებულებები და ჩაგვენაცვლებინა ისინი დაწესებულებებით , სადაც დღეს რეალურად ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ კავშირები შეინარჩუნონ ოჯახებთან.

არის სპეციალური სასტუმროები მოწყობილი. არის სპეციალური დაწესებულებები, სადაც შაბათ-კვირას ტოვებენ დაწესებულებას და მიდიან სახლში, თავის ოჯახებთან ატარებენ დროს. გაიხსნა დაწესებულებები, სადაც ადამიანები შრომობენ, იღებენ პროფესიულ განათლებას, ასევე ანაზღაურებას შრომაში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა ე.წ. დატვირთვის მაჩვენებელი განახევრდა. შემცირდა ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პენიტენციურ დაწესებულებებში.

„საქართველომ პატიმრების რაოდენობა 22 ათასიდან 10 ათასზე ჩამოიყვანა.

სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით. საქართველო ასევე საკმაოდ ეფექტურად ართმევს თავს იმ ამოცანას, რასაც ჰქცია საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

შევცვალეთ ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პენტენციურ დაწესებულებაში. წელიწადში გარდაცვალების დაახლოებით 140 შემთხვევა გვქონდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი წელიწადში 14-15-მდე შემცირდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები