პოლიტიკა

პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოებას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს

25.02.20 12:00


"მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვისა და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.

სტატიის სათაურია - "საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის".

აღნიშნულს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

გახარიას თქმით, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება.

რაც პრემიერის განმარტებით, ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

"ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატოში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს გახარია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები