პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - რთული სცენარებისთვის ვემზადებით, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ

26.03.20 14:20


ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჟურნალისტებს განუცხადა. სესიაშვილმა იმ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, რომლებიც საკარანტინო ზონაში მუშაობენ, მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პოლიციელები და ჯარისკაცები ყველა შესაბამისს წესს ზედმიწევნით ასრულებენ და ამასთან, მაქსიმალურად არის დაცული მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

„ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლს და ასევე, მაქსიმალურად დაცულია მათი ჯანმრთელობა, სპეციალისტების რჩევების მიხედვით. მეც გავიარე ყველა პროცედურა, სანამ გავეცნობოდი მათ საყაზარმო პირობებს. მინდა, მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი იმიტომ, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა და ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ იმედიანად ვართ. ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ. ვინაიდან არ მაქვს შესვლის უფლება, მინდა აქედან გავამხნევო ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. იცით, რომ ათასობით მოსახლეობის შემოწმება ხდება, ასევე ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები, ხდება მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა პროდუქტით და სხვა საჭიროებებით. ამიტომ მინდა ისინი გავამხნეო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ამ ვირუსზე გამარჯვება,“ - განაცხადა სესიაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები