ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი IX

02.09.16 18:40


ეპისკოპოს მირზახანიანის სიაში შეტანილი ეკლესიების აგების და მათი გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოში სომეხთა შემოდინება ისტორიული ფაქტია. ისიც ბუნებრივია შემოსახლებულ სომეხ ხიზნებს წირვა-ლოცვის და რელიგიური რიტუალის შესასრულებლად თავიანთი სომხური ეკლესიის საჭიროება შეექმნებოდა და აი, დაიწყეს ზრუნვა ამ საქმის მოსაგვარებლად.

ჩვენ ამ პროცესს ორ პერიოდად ვყოფთ :

1. პირველია უძველესი დროიდან 1801 წლამდე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე.
2. მეორე პერიოდი მოიცავს XIX-XX საუკუნეებს.


პირველი პერიოდი

ქართველ მეფეთა ხელშეწყობა სომხებს ამ საქმეში საკმაოზე მეტი ჰქონიათ. ამის დასტურად არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგალითად : ახალქალაქში (ქართლი) წმ. მარიამ ღვთისმსობლის სომხური ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა: „ჩვენ საქართველოს ხელმწიფის შვილმან, მეფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემ ჩვენმან დედოფალთა დედოფალმან პატრონმან მარიამ ხელვყავით აღშენებად თეძმის ქალაქი და უწოდეთ მეფის ქალაქი და აღვაშენეთ საყდარნი და მონასტერნი ქალაქისა ამის მკვიდრობისთვის მეფის ქალაქთა სომხეთა ჩუენთა სახასოდ ვაჭართა (1632) თვის ივლისისა.

შემდეგ გორელი სომეხი გოწაკალისთვის (ბლაღოჩინი) ტერ- გრიგორასთვის როსტომ მეფეს მიუცია სითარხნის სიგელი (1633 წ).

აგრეთვე, სითარხნის სიგელი მიუცია ნაზარალი-ხანს ( ერეკლე I) ყორღანოვებისთვის.

განსაკუთრებით საინტერესოა ხოჯა ვანქის ისტორია. შაჰ- აბასის მიერ 1621 წელს გაცემულია სიგელი, თბილისში მცხოვრები ხოჯა ბეიჰ-ბუთ-ის სახელზე. სიგელი შედგენილია ქართულ და სპარსულ ენებზე : თბილისელი ზარაფხანის პატრონი, მდიდარი ხოჯა- ბეიჰბუთი ეკლესიის აშენების ნებართვას სთხოვს როსტომ მეფეს საგვარეულო სასაფლაოზე. როსტომ მეფეს მიუცია უფლება აეშენებინა ეკლესია მახათას მთის მიმდებარე ქვემო მიდამოში. ქართული სიგელი შედგენილია 1654 წელს, სპარსული რედაქცია კი მოგვიანებით 1657 წელს არის შედგენილი. მდივანმწიგნობარს ბირთველ თუმანიშვილს სიგელი განუახლებია თეიმურაზ II -ს და ერეკლე II-ს 1751 წ. ბრძანებით.

ამ ეკლესიის აგების თარიღს ეგ. იოსელიანი შეცდომით 1780 წელს თვლის. პ. მურადიანმა ხოჯა-ვანქის ქტიტორული წარწერის საფუძველზე გაარკვია, რომ იგი აუშენებიათ 1655 წ. აღვნიშნავ ხოჯა ვანქის საფლავის ქვების ეპიტაფიები აღნუსხა და გამოსცა არამ ერემიანმა.

ხოჯა ვანქის სასაფლაოსთან დაკავშირებით მოვიტან არცთუ სასიამოვნო ფაქტს. XX ს-ის 10- იან წლებში ხოჯა-ვანქის საფლავის ქვებს იპარავდნენ, ეპიტაფიებს შლიდნენ და მერე ყიდდნენ, ეს სამარცხვინო მოვლენა მაშინვე პრესაში ამხილა ლ.მელიქსეთ-ბეგმა „По поводу уиичтоженых исторических могил .‘’
ამ სტატიას სომეხი სასულიერო წრეების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

იმედია, ჩემი ოპონენტები არ დამიწყებენ დავას ხოჯავანქის საფლავის ქვების და ჯვრების ქურდების ეროვნების შესახებ.

გასული საუკუნის 20-30- იან წლებში ბოლშევიკების მიერ გაჩაღებული ათეისტურ ბრძოლას საქართველოში, კერძოდ თბილისში არსებული ეკლესიები შეეწირა. განადგურდა ქართული, სომხური, კათოლიკური ეკლესიები. ქართული სასაფლაოს და ხოჯავანქის სასაფლაოს საფლავის ქვები გამოიყენეს სამშენებლო მასალად. ,,იმელის ’’,თამარის ხიდის (ყოფილი ჩელიუსკინელები) და სხვათა მშენებლობაზე. ღონისძიება ყოველგვარი ეროვნული ნიშნის გარეშე ჩაატარეს ქართველმა ბოლშევიკებმა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს , რომ ს. კარაპეტიანს ჰგონია მხოლოდ სომხური ეკლესია- სასაფლაოების ლიკვიდაცია მოახდინეს ქართველებმა.

ს. კარაპეტიანის ამ უსაფუძვლო ბრალდებას პასუხი გავეცით.

საქართველოში, როცა სომხური ეკლესიების არსებობის შესახებ ვლაპარაკობთ, აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი:
1. ქართველი მეფის სიგელის, ნებართვის გარეშე საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ეკლესია-ტაძრების აშენება დაუშვებელი იყო.

2. ქართველი მეფის ნებართვა არ სჭირდებოდა თავად-მემამულეს, თუ იგი აიშენებდა ეკლესიას თავის მამულში. საქართველოს - კათალიკოს პატრიარქს აკურთხებინებდა რომელიმე წმინდანის სახელზე . შეიძლება ეს გაეკეთებინა ეპისკოპოსსაც.

ქართველი მეფის ნების გარეშე თუ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აგება არ შეიძლებოდა. მეფის თანხმობის გარეშე, სომხური გრიგორიანული ეკლესიის აშენება ხომ შეუძლებელი იყო...

ქართული და სომხური ეკლესიების საბოლოო დაშორების შემდეგ (VIIს) დაპირისპირება უფრო გამწვავდა. კონფლიქტური ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა სომეხი კათოლიკოსის აბრაამის მიერ გამოცემულმა ენციკლიკამ, რომლის მიხედვით სომეხ ხალხს აეკრძალა ქართველებთან ყოველგვარი ურთიერთობა : ქორწინება, ნათელ- მირონობა, ქართველთა ტაძარში- მანგლისში და სხვაგან სალოცავად სიარული. ქართველებთან მარტო უნდა ევაჭრათ ვითარცა ურიებთან.

სომეხი კათალიკოსის ამ ენციკლიკას ქართველთა მხრიდან მოყვებოდა სათანადო უარყოფითი რეაქცია და სომხური ეკლესიის აშენების უფლებას ქალაქად ქართველი მეფეები ალბათ ისე იოლად აღარ გასცემდნენ. დროთა განმავლობაში ამ ენციკლიკამ ძალა დაკარგა და ამ ორ ხალხს შორის ურთიერთობა გამოსწორდა. თუმცა ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ურთიერთდამოკიდებულება მაინც მწვავედ რჩებოდა.

შევამოწმე მოარული ჭორი, თითქოს ქართველი მეფეები შეჭირვების ჟამს ყიდდნენ ეკლესიებს მდიდარ სომხებზე, მაგრამ თუ ეს მართლა ასე იყო- ყიდვა-გაყიდვის სიგელი, ოქმი, ჩანაწერი ან რაღაც საბუთი ხომ შედგებოდა, მაგრამ არქივებში, საისტორიო წყაროებში კარგახნის ძიების შედეგად ვერ მივაკვლიეთ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ზ. ჭიჭინაძის ფონდში დაცულ ცნობას ,,სომხებმა ქართველებისგან მოტყუებით და ცდუნებით თვით ქართველების საყდრებიც კი შეიძინეს, ასე მაგალითად, ფეთხაინის (თბილის ბეთლემის ბ. ა) საყდრის შეძენის საქმე. ეს საყდარი ქართველებმა VI ს- ში გააკეთეს. იგი გააკეთა ვახტანგ გორგასლის შვილმა არჩილმა (ქართველი მეცნიერების აზრით, ეს ტაძარი დააარსა ვახტანგ გორგასალმა Vს-ში ბ.ა) ასევე შეისყიდეს სომხებმა წმინდა გიორგის საყდარი ტფილისისად წოდებული. ამას გარდა, მაიდნის თავზედ დღეს სომეხი სურბ- გევორქის საყდარიც - ქართველების იყო, სომეხთ დაიჩემეს. ასევე დაიჩემეს მეტეხის აღმართზე ავლაბრის შეყოლებით პატარა საყდარი. ამ ცნობაში ერთი უეჭველი ფაქტია აღნიშნული. ეს ეკლესიები ქართული იყო და მახინაციების წყალობით სომეხთა ხელში აღმოჩნდნენ.

მართალია, ზ. ჭიჭინაძე წყაროს არ მიუთითებს, მაგრამ ვფიქრობთ სიმართლეს აფიქსირებს.

სიმართლე კი ის არის, რომ ეპ. მირზახანიანის აღნიშნულ სიაში შეტანილი 28 ეკლესიიდან შვიდის ქართულობა მეცნიერულად დავასაბუთეთ. ახლა, ვნახოთ ამ 28 ეკლესიიდან მათი აშენება თავის დროზე სამართლებრივად რამდენად კანონიერი იყო. ამას ვაჩვენებთ ჯერ თბილისის, მერე დანარჩენი ქალაქების მაგალითზე.


ჩვენ ორ პერიოდად დავყავით თბილისის საპრეტენზიო ეკლესიის ისტორია:
პირველი პერიოდი : 1801 წლამდე- მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე. ამ პერიოდში აგებულია ეკლესიები თბილისში :

1. ,,სურბ გევორგ“( ასტვაწაწინ,(წმ. ღვთისმშობლის ბ. ა), ციხის დიდი კათოლიკე ეკლესია 1251 წ.

2.ფეთხაიმი ( ქართული ბეთლემი), ,,სურბ ასტვაწაწინ“(გუმბათოვანი).1730-1737 წ.წ

3.ზარივაირი- ,,სურბ კარაპეტ“(ჩუღურეთი), გუმბათოვანი, 1400 წელი.

4. ქარაფი ( კლდისუბნის წმ. გიორგი ბ.ა) ,, სურბ-გევორგ“ (ხიხო ჟამ) ბაზილიკა 1600 წ.

5. კუსანაც ( ქალწულთა ბ.ა) სურბ-სტეფანოსი გუმბათოვანი, 1724-1727 წ. წ

6. ,,არანც ვანქ“ ფაშა ვანქ, ვანქ, მაირ ტაჭარ (დედა ტაძარი), სამგუმბათოვანი , სამმაგი ბაზილიკა 1631წ.

7.ზრკინიანც ,, სურბ გევორგ“ ( გუმბათოვანი), 1713 წ.

8. კუკიის ,,სურბ ასტვაწაწინ’’ ( გუმბათოვანი) 1789 წ.

9.,, სურბ სარგისი“ ხარფუხში, 1673 წ.

10. ქამოიანც ,, სურბ გევორგ“ ( გუმბათოვანი) 1778 წ.

11. ჯიგრაშენის ,,სურბ ასტვაწაწინ“ ( გუმბათოვანი) 1704 წ.

12. ჰრეშტავაპეტაც (ბერდი ფოქრ ეკეღეცი) ციხის პატარა ეკლესია, VIIIს. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია ბ.ა)

13.ხოჯივანქი ,,სურბ ასტვაწაწინ“ (გუმბათოვანი) 1650-55 იანი წ.წ

14. ძორაბაშ ,,სურბ-გევორგ“ ( ბაზილიკა), 1600 წ.

15. მუღნის ,,სურბ-გევორგ“, (გუმბათოვანი), 1356 წ.

16. ერევანოც ,,სურბ მინასის“ ( ბაზილიკა), 1790 წ.

17.ნორაშენის ,,სურბ - ასტვაწაწინი“, 1467 წ.

18. შამქორეცოც ,, კარმირ ავეტარან’’ (სურბ-ასტვაწაწინი) 1735 წ.

19. კრწანისის ,,სურბ ასტვაწაწინ“ (წირანავორ),ბაზილიკა XIII-XV ს.ს

20. სურბ- ნშანი ( წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის) გუმბათოვანი, 1624 წ.

ამ ეკლესიების არსებობა ფაქტია, მაგრამ საკითხავია, რამდენად იყო კანონიერი მათი აშენება თავის დროზე თბილისში, ამიტომ, სომხური მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ქართველი მეფის სიგელი- გუჯარი, ნებართვა ამ ე.წ სომხური ეკლესიის აშენების თაობაზე. თუ ამგვარ საბუთს არ წარმოადგენენ, მაშინ ეპ. მირზახანიანის სიაში შეტანილი 1801 წლამდე აგებული 28 ეკლესია კანონის უხეში დარღვევით არის აშენებული და გადაცემას არ ექვემდებარება. ეს ერთი, მეორე ქართველი მეფის ბრძანების ნებართვის გარეშე გავერანებული ქართული ეკლესიების გადაკეთება-გადმოკეთება, დაშენება-მიშენება და სომხურ ეკლესიად ქცევა არასამართლებრივი აქტია და მიიჩნევა ძალადობად, მიტაცებად და სისხლის სამართლის დანაშაულია .

იგი წარმოადგენს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობას, რომლის მოვლა-პატრონობას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით ახორციელებს სახელმწიფო და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია.

კულტურულ მემკვიდრეობის მფლობელობაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი გულისხმობს არქეოლოგიური კვლევების, საისტორიო წყაროებისა და საარქივო მასალის მეცნიერული ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, ამა თუ იმ ტაძრის წარმომავლობის დადგენას.


მეორე პერიოდი- 1801 წლის შემდეგ აშენებული ეკლესიები თბილისში

1. ჩუღურეთი ,,სურბ- გევორგ“ (სურბ ასტვაწაწინ) ბაზილიკა 1807 წ.

2. სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ( გუმბათოვანი) მე-19 ს -ის დასაწყისი.

3. ნავთლუღის ,, სურბ-გევორგ“ (სურბ ასტვაწაწინ) 1839 წ.

4. ნავთლუღი ,,წაღკევანქ“ (აღდგენილი 1880 იან წლებში( აგების თარიღი არ არის სიაში ბ.ა)

5. მეტეხის ,,სურბ- ვანქ“ აღდგენილია 1893 წ.

6. თანდოიანც „სურბ ასტვაწაწინ“, (ბაზილიკა ), 1865 წ.

მეფის რუსეთმა დაარღვია და ფეხქვეშ გათელა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული ყველა შეთანხმება- საქართველოს სამეფო გააუქმა და თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით მიუერთა რუსეთის იმპერიას. 1811 წელს გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და რუსის ეგზარხოსები ჩაუყენა სათავეში, ქართული ეკლესიის აუარებელი ქონება და ძვირფასი ხატები გაზიდა და ა. შ

მეფის რუსეთის მხრიდან განხორციელდა საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაცია და ანექსია. რუსეთი გახლდათ ოკუპანტი და ამ პერიოდში რუსის იმპერატორის ბრძანება ,,პრიკაზი“ თუ არსებობს თბილისის აღნიშნული 6 სომხური ეკლესიის აშენების შესახებ იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო არ იყო და არც ახლა არის რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე.

აქედან გამომდინარე ეპ. მირზახანიანის აღნიშნულ სიაში შეტანილი 1801 წლის შემდეგ აგებულ ეკლესიები თბილისში გადაცემას არ ექვემდებარება.

წაკითხულია : 631


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები