პოლიტიკა

რომან გოცირიძე - ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, რადგან პარტიები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ასეთია არჩევნების ლოგიკა

14.08.20 12:20


შეუთანხმებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ამომრჩევლებში იმედგაცრუება, რომ მომავალში რაღაც თანამშრომლობა გართულდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დასახელებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„კარგი იქნებოდა, შეთავაზება – დედაქალაქში კონკურენცია არ გაგვეწია, ბოლომდე შესრულებულიყო. ეს სანახევროდ შესრულდა. მასში მონაწილეობა რამდენიმე პარტიამ არ მიიღო, მათ შორის, „ლელომ“. ჩვენ არ გვსურდა, კანდიდატი დაგვეყენებინა საბურთალოზე და ველოდით, რომ ვაკესა და გლდანში კანდიდატურას ისინიც არ დააყენებდნენ, მაგრამ არაუშავს, ეს კონკურენციაა. ამას სავსებით ნორმალურად ვუყურებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველაფერზე ვერ შეთანხმდებიან, რადგან ერთმანეთის კონკურენტები არიან და ასეთია არჩევნების ლოგიკა.

„შეუთანხმებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ამომრჩევლებში იმედგაცრუება, რომ მომავალში რაღაც თანამშრომლობა გართულდება. მომავალში ერთიანი, დიდი კოალიცია იქნება, სადაც ყველა პარტია იქნება.

სასურველი იყო, რომ მათ დაპირება შეესრულებინათ, მაგრამ ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია, ყველა პარტიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისინი არასდროს არ შეუქმნიან საპარლამენტო უმრავლესობას „ქართულ ოცნებას“. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი ისევე, როგორც მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ბრძოლაში ერთიანობა. საყვედურები არ იქნება სწორი. ერთია, რომ მხარდაჭერა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მეორეა, რომ ასე მოხდა და რა ვქნათ? – არჩევნები არის კონკურენცია.

საბოლოო ჯამში, პარლამენტში შევხვდებით და ევროპული კოალიციური ყაიდის ხელისუფლებას ჩამოვაყალიბებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები