საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს თსუ-ს მაღლივ კორპუსსა და 161-ე საჯარო სკოლაში აღარ გაიმართება

19.05.16 17:10


ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს თსუ-ს მაღლივ კორპუსსა და 161-ე საჯარო სკოლაში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა და აღნიშნულის მიზეზები განმარტა.

როგორც ცნობილია, წელს აპლიკანტებისთვის შეთავაზებული სიახლიდან გამომდინარე, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. აღნიშნული ფორმატი მეტ სივრცეს მოითხოვს. საქართველოს მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრში მისულ აპლიკანტს ორი მაგიდა დახვდება.

”მაგიდები, რომელსაც საგამოცდოდ ვიყენებთ, არ არის კომფორტული იმ კუთხით, რომ იქ უნდა მოთავსდეს ლეპტოპი, პასუხების ფურცელი, შავი სამუშაოს ფურცლები, ზოგ შემთხვევაში, დამხმარე მასალები, მაგალითად, ქიმიაში მენდელეევის პერიოდულობის სისტემა, გეოგრაფიის გამოცდაზე რუკები. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, თითოეულ აპლიკანტს ორი მაგიდა მოვუმზადოთ.

შესაბამისად, შეგვიძლია მხოლოდ ისეთი ოთახები გამოვიყენოთ, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რათა სექტორი კარგად დაეტიოს.

დაახლოებით, 40 კვადრატული მეტრი მაინც უნდა იყოს ოთახი. მაღლივ კორპუსში სამწუხაროდ, ასეთი ოთახების რაოდენობა ძალიან მცირეა”, - განმარტა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება 161-ე საჯარო სკოლას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იქ შესაძლოა საჭირო ოთახების რაოდენობა დამაკმაყოფილებელი იყოს, თუმცა სკოლის ლოკაციიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, იოსებიძის ქუჩის პარალიზება ხდება. შესაბამისად, აქცენტი განაპირა ტერიტორიებზე მდებარე სკოლებზეა აღებული.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, თბილისში საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაიზარდა, საგამოცდო სივრცეს საჯარო სკოლები დაემატა. უმაღლესი სასწავლებლებიდან საგამოცდო ცენტრები მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩება. დანარჩენი ყველა საგამოცდო ცენტრი სკოლებში იქნება განთავსებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 1-ელ ივლისს დაიწყება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები