პოლიტიკა

კურტ ვოლკერი - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ

20.11.20 15:20


„მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ“, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენლმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა, კურტ ვოლკერმა „ინტერპესნიუსს“ განუცხადა.

 

ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ კრიზისი ინსტიტუტების მეშვეობით ვერ გადაიჭრება, ვინაიდან ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს.

 

„მიზეზი, რის გამოც ყველა ინსტიტუტებზე საუბრობს, ისაა, რომ ეს ერთადერთია, რაც ყველასთვის სამართლიანი იქნება. რა თქმა უნდა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ნდობის ნაკლებობაა, არის ბრალდებები კანონდარღვევებზე ამ არჩევნების ჩატარებისას, მთავრობა კი ამას უარყოფს. ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია, ადამიანები გააერთიანოს, გამჭვირვალობა, გამოკვლევა და შედეგების დადებაა, ასევე, იმ შეცდომების გამოსწორება, რაც შესაძლოა, დაშვებული იქნა - ეს ყველაფერი საჭირო, რათა ნდობა ისევ აღდგეს. სწორედ ამისთვისაა ინსტიტუტები, რომელიც მოიცავს სასამართლოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პარლამენტს. საბოლოო ჯამში, თუ გამოიკვეთება დარღვევები, თაღლითობა თუ რაც გინდათ, დაარქვით, მაშინ ამის გადაწყვეტის ერთგულება უნდა არსებობდეს. შემდეგ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ინსტიტუტებმა იფუნქციონირონ და ბუნებრივია, გამარჯვებულმა მთავრობა ჩამოაყალიბოს, დამარცხებული კი პარლამენტში ოპოზიციის სახით შევიდეს. ეს ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია - რომ ფუნქციონირებადი მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს“, - აღნიშნა ვოლკერმა.

 

მისივე თქმით, თუნდაც გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოში ხალხი ასეთი დაყოფილი არ უნდა იყოს.

 

„ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა ძალიან სახიფათო სამეზობლოში არის მოქცეული რუსეთსა და ირანს შორის, ახლახანს იყო ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული... საქართველო ასეთ დაყოფილობას ვერ გაწვდება, მათ უნდა მოახერხონ, ერთად შეიკრან, როგორც დემოკრატია, ქვეყნის მომავლისა და ევროპასა და აშშ-სთან ურთიერთობის აშენებისთვის. ამას, საქართველოს შიდა საქმეებს, მათ მაგივრად ვერც ახლანდელი და ვერც შემდგომი ადმინისტრაცია ვერ გადაწყვეტს.

ქართველმა ხალხმა ეს თავად უნდა გააკეთოს და მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ“, - აღნიშნა ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები