პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო უწყება ქართველ ხალხს არჩევნების მეორე ტურის გამართვას ულოცავს და აცხადებს, რომ ახალი სისტემა საშუალებას აძლევს პოლიტიკურ სპექტრს, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში

23.11.20 18:00


პარლამენტი დემოკრატიულ სახელმწიფოში არის გადამწყვეტი ფორუმი პოლიტიკური დებატებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ეფექტურ პარლამენტს და მთავრობას, რომელსაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მიღება და ბოლოდროინდელი გამოწვევების გადაჭრა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში არჩევნების მეორე ტურს შეეხება.

 

„21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ვულოცავთ ქართველ ხალხს, ვინც გამოხატა თავისი ნება არჩევნებით, რომელიც ახალი სისტემით გაიმართა და აძლევს საშუალებას პოლიტიკურ ძალათა უფრო ფართო სპექტრს, ახალი მოწვევის პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესში გამოვლინდა ზოგიერთი ხარვეზი და სუსტი მხარე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გადაჭრას ის ხარვეზები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაშია აღნიშნული. ეს აუცილებელია, არა მხოლოდ არჩევნების გარშემო ეჭვების გასაქარწყლებლად, არამედ სამომავლოდ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ღია, გამჭვირვალე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია, რათა მოიძებნოს კონსტრუქციული გამოსავალი, ჩამოყალიბდეს ორმხრივი ნდობა და ასევე, პარლამენტში პოლიტიკოსებმა მუშაობა შეძლონ“.

 

„პარლამენტი არის გადამწყვეტი ფორუმი პოლიტიკური დებატებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ეფექტურ პარლამენტს და მთავრობას, რომელსაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მიღება და ბოლოდროინდელი გამოწვევების გადაჭრა, რათა მიღწეული იყოს რეფორმის მიზნები, რომლებიც დასახულია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. ლიეტუვა არ არის გულგრილი თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს მომავლისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და დავრჩებით ერთგული საქართველოს მიერ არჩეული ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები