პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე - მე მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ, ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება

15.09.16 18:45


მე მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ , ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან გამართული სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელებას.

როგორც ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ჩანაწერის გავრცელება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შეგუებულია აზრს, რომ უსმენენ.

„შევეგუე უკვე რომ მისმენენ. ეს მე გამოვაცხადე დიდი ხნის უკან და მე მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ , ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება - რაც კი შეიძლება მოხდეს საერთოდ ვინმეზე, ხდება ჩვენს პარტიაზე, მაგრამ არაფერია, გავუძლებთ. კანონია - რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ წრეებში გაკეთებულ შეფასებებს ერთი მხრივ იმის თაობაზე, რომ ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია ან მეორეს მხრივ, ის „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის მტკიცებით, ის ხალხის წარმომადგენელია.

„მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. ამიტომაც მე არ ვერიდებოდი. თუნდაც ის, რომ ეს საუბარი ნამდვილად იყო, მე ამას ვადასტურებ, თუმცა ამოჭრილია ის, სადაც მე ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ არ ვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომადგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში. მე რომ მდომოდა რომელიმე მხარის გვერდით ყოფნა, ვინ დამიშლიდა? დავუდგებოდი გვერდით. არ მინდა ბატონებო. მემგონი სულ სხვა რამ არის გასაკეთებელი“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ინტერნეტში გუშინ გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავდა.

ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან” კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება.

თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები