პოლიტიკა

ტორბიორნ იაგლანდი - საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლად არჩეულ პარლამენტში

16.09.16 17:15


სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ მადლობელია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის არსებობს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის მართლაც ეფექტური, ნაყოფიერი ურთიერთობა არსებობს. მისი თქმით, საჭიროა ამ თანამშრომლობის გაგრძელება და განვითარება ყველა მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია და მისი შენარჩუნება. როგორც ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლად არჩეულ პარლამენტში.

მხარეებმა განიხილეს ასევე, რეგიონული საკითხები და ევროპაში არსებული გამოწვევები. სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები