პოლიტიკა

ვაქცინის ხელმისაწვდომობა და „მეტი ევროკავშირი საქართველოსა და რეგიონში“ - პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ბრიუსელში

22.01.21 12:20


საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. 21 იანვარს პრეზიდენტის შეხვედრების წამყვანი თემები იყო: ვაქცინის ხელმისაწვდომობა - კოვიდსოლიდარობა და რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული როლი, - ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 

ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, ჩვენს საგარეო წელს ბრიუსელში ვიზიტით ვიწყებთ.

 

„პრეზიდენტის ყველა შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა თემებით. კოვიდი და კოვიდსოლიდარობა პრეზიდენტის შეხვედრების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო, ასევე ევროკავშირის სტრატეგიული როლი რეგიონში.

 

პრეზიდენტის გზავნილია - „მეტი ევროკავშირი საქართველოში და რეგიონში“.

 

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი. პრეზიდენტის გზავნილია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ევროკავშირთან სამ ასოცირებულ ქვეყანას, რომლებიც ვთანხმდებით ინტერესებსა და ღირებულებებზე.

 

სამეულის თემასთან დაკავშირებით განხილული იყო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული საქართველოს გეგმები. ყველა შეხვედრაზე ნახსენები იყო 2024 წელი - სურვილი, რომ გაკეთდეს განაცხადი.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ მოხდება ამის განხორციელება, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ეს ეხება როგორც ფიზიკურ დაკავშირებადობას, ასევე სექტორულ ინტეგრაციას.

 

დაკავშირებადობა უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს არა მხოლოდ ტრანსპორტს, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობასაც.

 

საუბარი შედგა ასევე, სტუდენტების უფრო აქტიურ გაცვლაზე, იმის შესაძლებლობაზე, რომ საქართველოდან სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ იგივე ტარიფებით, რა ტარიფებითაც სწავლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები“, - განაცხადა საბანაძემ.

 

ინფორმაციისთვის, ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და ბელგიის მეფე ფილიპესთან.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები