პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს

01.03.21 10:15


საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მჭიდრო კოორდინაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რა განვითარებაც გვაქვს რეგიონში, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის კუთხითაც. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება ეს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მიემგზავრება და საკუთარი თვალით მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც რუსეთის ხელისუფლებასთან მაღალ დონეზე იყო დაყენებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.

 

ბუნებრივია, ასევე განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტი დაიგეგმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერის ვიზიტის დროს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოსთან ერთად ეწვევა უკრაინას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და ჩვენ ვემზადებით სამიტისთვის. სამიტზე ბუნებრივია გვაქვს მოლოდინები იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირში, საუბარია ასოცირებულ წევრებზე – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინების თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი კარგი საშუალება იქნება, განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამასთან, დავით ზალკალიანის განმარტებით, საუბარი შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც.

 

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის, ასევე დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი ქვეყანაში 2 მარტს დასრულდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები