პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ბოიკოტი და ოპოზიციონერების შეფასებები - 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

30.07.21 16:00


19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, უკვე დაზუსტდა, რას გულისხმობს პარლამენტში პარტიის ფორმალური დარჩენა. ამ დროისთვის, ბოიკოტის რეჟიმშია დეპუტატი თამარ კორძაია, მანდატზე უარი თქვეს ნიკა მელიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მანდატს მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის გამოიყენებენ.

 

„საქართველოს კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს, რომ საქართველოში, ყოველი შემდგომი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, რომ ბარიერი იქნება დაბალი, რათა ქართველი ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგოს. აი, ეს მისია დარჩა საქართველოს პარლამენტს შესასრულებელი და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ არ გაექცეს ამ ვალდებულებას და არ თქვას, რომ საჭირო ხმები არ ჰყოფნის, ვინარჩუნებთ მანდატებს. ამ საკითხის განხილვებსა და კენჭისყრაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე.

 

ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიცია იწონებს, თუმცა, აცხადებენ, რომ ახლა ოპოზიცია გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს.

 

„დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება. ეს მხოლოდ მათი საქმე და მათი გადასაწყვეტი არაა. ახლა ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან, აღსრულების მექანიზმების ამოქმედებას ველოდებით - რათა „ქართული ოცნება“ აიძულონ, შეთანხმებას დაუბრუნდეს. სექტემბერში, აუცილებლად, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს და როგორც კი „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებს, საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“, - ამბობს „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

 

პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩში“ ამბობენ, რომ გაუგებარია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, დატოვოს პარლამენტი.

 

„ძალიან კარგ პოზიციაში ვიქნებოდით, დღეს ჩვენ რომ კოორდინირებულები ვიყოთ, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერა სრულად ჩვენს მხარეზე იქნებოდა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ 50-ვე ოპოზიციონერი, ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო ბრძოლაში ჩავრთულიყავით „ქართულ ოცნებასთან“.

„ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, ეხმარება „ქართულ ოცნებას“ თავისი მოქმედებით. კითხვა მაქვს; საერთოდ, ნიკა მელია რატომ გადის პარლამენტიდან? რა უნდა გააკეთოს ქუჩაში იმაზე უკეთესი, რის გაკეთებაც პარლამენტში შეუძლია?“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები საჭიროა იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს.

 

„ბუნებრივია, ჩვენ, უკლებლივ ყველა ბერკეტის გამოყენებით, გავაგრძელებთ ბრძოლას - გამოვიყენებთ საპარლამენტო ბერკეტს, ვიბრძოლებთ არჩევნებში და ყველა ძალ-ღონის გამოყენებით, უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს. კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული იქნება მიშელის ხელშეკრულების ფორმატში. ეს ყოველთვის იყო ჩემი და ჩვენი პარტიის აზრი. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ხელშეკრულება ამოაყირაოს“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

 

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი გაუმართლებელია, ვინაიდან ეს შედეგს ვერ გამოიღებს.

 

„ამ ეტაპზე, ბიოკოტი ნამდვილად არ მიგვაჩნია სწორ გზად. დაახლოებით 7 თვის განმავლობაში, ოპოზიციური სპექტრი ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს და ამას არანაირი შედეგი არ მოუტანია, პირიქით, ქვეყნისთვის საკმაოდ დამაზიანებელი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით გამოირჩევა არათანმიმდევრული გადაწყვეტილებებითა და მიდგომებით. მეტსაც გეტყვით; ფაქტია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ სიტუაციური მოკავშირეა“, - ამბობს ანა ბუჩუკური.

 

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები