ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXVIII თავი II

12.10.16 19:55


პ.მურადიანს მეცნიერულად არგუმენტირებული და დამაჯერებელი პასუხი გასცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გურამ მაისურაძემ.

„ვინ არღვევს კეთილმეზობლობის ტრადიციებს.“

„ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პ. მურადიანის წერილს ერთობ ემოციური სათაური აქვს: „ქართველი გრიგორიანები“ --მითი თუ რეალობა?. სათაურში გამოტანილ ამ მეცნიერულ პრობლემას სტატიაში მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ელფერი აქვს მინიჭებული და არსებითად მიმართულია საქართველოში ამჟამად მიმდინარე იმ დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ისტორიის ბედუკუღმართობის მიზეზით ქართველთა ერთი ნაწილისათვის წართმეული ეროვნებისა და გვარების აღდგენას. ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორმა შესაშური მოხერხებით შეძლო ერთ მომცრო საგაზეთო წერილში თავი მოეყარა კიდევ სხვა არაერთი პრობლემისათვის და მათი არსი მრუდე სარკით წარმოედგინა მკითხველთათვის.

ვინც იცნობს ბატონ პ. მურადიანის მეცნიერულ შემოქმედებას (ასეთი კი საქართველოში არც ისე ცოტაა ) და იცის, რომ ათეული წლების მანძილზე ის გვედავება ჯვარსა და ატენს, ტაო-კლარჯათის დიდებულ ქართულ ძეგლებს, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სახელმოხვეჭილ წარმომადგენლებს, დიდ ქართველ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან და ბოლოს, თვით საქართველოს მოსახლეობას, რისთვისაც უშედეგოდ ცდილობს მისი დიდი ნაწილის სომხური წარმომავლობის დამტკიცებას. მას აღარ უნდა გაუკვირდეს ქართველი „გრიგორიანების“ მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების განსაკუთრებული გაძლიერება ამ ბოლო ხანებში. საქმე ისაა, რომ, როცა იმპერიული ხუნდები ცოტათი მოეშვა და ქართულ საზოგადოებას სხვებთან ერთად საშუალება მიეცა იმპერიალიზმის უსამართლობის წინააღმდეგ და თავისი მეხსიერების მატერიალური რეალიზაცია მოეთხოვა, გრიგორიანული სარწმუნოების ქართველთა ათასობით შთამომავალმა იუსტიციის სამინისტროსა და მის ორგანოებს მოსთხოვა წართმეული გვარების დაბრუნება. ამან რა თქმა უნდა, ერთიანად დაამსხვრია ბატონი მურადიანის თეორია, თითქოს საქართველოში არასოდეს ყოფილიყოს „გრიგორიან“ ანუ მონოფიზიტ ქართველთა საზოგადოება.

ახლა კი უშუალოდ მეცნიერულ არგუმენტაციაზე გადავიდეთ. რამდენადაც ხსენებულ სტატიაში ბატონმა პარუირმა მეც გამკრა კბილი, პირველ რიგში ჩემდამი წამოყენებულ პრეტენზიებს შევეხები. იგი წერს, თითქოს ჩემს შრომებში ისტორიული სიტუაციისა და სპეციფიკის ანალიზის გარეშე, სომეხთა დიდ ნაწილს ავტომატურად მივათვლიდე ქართულ მოსახლეობას და ამით უარვყოფდე მრავალრიცხოვანი სომეხი ლტოლვილების ჩამოსახლების ფაქტს საქართველოში.

მისი აზრით, ყოველივე ამისა და პირველ რიგში ძირითადი ისტორიული მეხსიერების--გრიგორიანობისადმი მათი კუთვნილების იგნორირება არათუ არამეცნიერულია, არამედ საფუძველშივე არღვევს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობის ტრადიციებს.

ჯერ ერთი, საქართველოში ქართველ „გრიგორიანთა“ საზოგადოების არსებობის ფაქტი არაფრით არ უარყოფს სომეხი ლტოლვილების პერიოდულ ჩამოსახლებას ჩვენს ქვეყანაში და მათს კუთვნილებას მონოფიზიტური სომხური ეკლესიისადმი.

არც არასდროს არავის მოსვლია აზრად ასეთი უარყოფა. დაინტერესებული მკითხველი ქართველ ავტორთა შრომებში ვერსად მიაკვლევს მსგავსს თვალსაზრისს. საქართველოს არაქართული მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს დღეს რომ სომხები შეადგენენ (თითქმის ნახევარ მილიონამდე), სწორედ იმის შედეგია, რომ საუკუნეთა მანძილზე, როცა ამის საჭიროება იქმნებოდა ხოლმე, ქართველი ხალხი იფარებდა და თავის ქვეყანაში საცხოვრებელ პირობებს უქმნიდა სამშობლოდან ლტოლვილ სომხობას. ამ ცნობილი ჭეშმარიტების დამტკიცებას კი დიდი ჭაპანწყვეტა არ სჭირდება და ჩვენი ოპონენტის მითითება საკუთარ შრომებზე ამ შემთხვევისათვის მაინც ვფიქრობ, ზედმეტი გარჯაა. მას უბრალოდ, არ უნდა შეურიგდეს იმ ფაქტს, რომ გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში საზოგადოების ერთ ნაწილში ფეხი მოიკიდა და გავრცელდა გრიგორიანული სარწმუნოება. განსაკუთრებით ფართო ხასიათი კი ამ პროცესმა მიიღო რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ.

პ. მურადიანს ხსენებულ წერილში ჩვენს საწინააღმდეგოდ შემდეგი არგუმენტები მოაქვს. მისი თქმით, საქართველოში სომხური დასახლების წარმოქმნისა და ფუნქციონირების პერიოდში ქართული მოსახლეობის „გრიგორიანობაში“ მეტ-ნაკლები მასობრივი გადასვლისათვის არ იყო არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც კულტურული და კონფესიონალური სტიმული, ბერკეტი და დაინტერესება. ყოველგვარი ეთნიკური გაუცხოება, არსებითად გარემოებათა ზემოქმედებით ხდება, რაც არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს სომხურ დასახლებათა ჩარჩოებში. უმეცრებაა იმის ფიქრი, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის სამშობლოში დაუშვებდა მასობრივ გადასვლას „გრიგორიანობაში“ ე.ი. მასობრივ დეეთნიზაციას. მხოლოდ მისიონერ ავიტაბილეს წერილის ერთ პასაჟშია ნათქვამი, რომ იყო არმენიზაციის შემთხვევები. იქვე ფრჩხილებში ჩვენი ოპონენტი შენიშნავს: ეტყობა აქ საუბარია სხვა თემში გადასვლის კერძო შემთხვევებზეო.

როგორც ვხედავთ, ბ-ნი პ. მურადიანი ერთობ ზოგადი განცხადებით კმაყოფილდება „გრიგორიან“ ქართველთა უარსაყოფად. ამასთან მის მიერ გამოყენებული ცნებები, ვფიქრობ, მაინცდამაინც ვერ მიესადაგება არსებულ სინამდვილეს. სარწმუნოების გამოცვლას თავისი მნიშვნელობით იგი რატომღაც დეეთნიზაციას უთანაბრებს. ეს უკანასკნელი კი ხანგძლივი ისტორიული პროცესია. მაშინ, როდესაც სარწმუნოების გამოცვლა ერთდროულ კონკრეტულ ვითარებასთანაა უმეტესად დაკავშირებული, მისივე განმარტებით ხომ დეეთნიზაციას უმთავრესად არამკვიდრი, უცხო, ამასთან შედარებით მცირერიცხოვანი კოლექტივები ექვემდებარებოდნენ? ამიტომაც იყო, რომ საქართველოში ქართველთა მიერ სარწმუნოების გამოცვლა მათს დეეთნიზაციას არ იწვევდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ქართველ „გრიგორიანთა“ ათეული ათასობით შთამომავალი დღეს ისე პრინციპულად არ მოითხოვდა წართმეული გვარების აღდგენას.

არსებულ სინამდვილეს შორდება, აგრეთვე, ხსენებულ წერილში საქართველოს სომხური მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებათა და ცალკეული თემების სახით წარმოდგენა, რაზეც ყურადღება კიდევ უფრო გამახვილებულია. ბ-ნ პ. მურადიანს იქვე მითითებულ ნაშრომში „საქართველოს სომხური ეპიგრაფიკა“ (ერევანი). ამ წიგნში თავმოყრილი ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე კეთდება დასკვნები, რომელთა სიმძიმის აზიდვა მათ შესაძლებლობებს აშკარად სცილდება. საკულტო ნაგებობებსა და საფლავის ქვებზე გაკეთებული წარწერების უმთავრესი დანიშნულება სულის მოხსენიებაა და ამდენად, ფართო, განმაზოგადებელი დასკვნების გამოტანა მათი შეზღუდული შინაარსიდან არა მგონია მართებული იყოს. ბ-ნი პ/ მურადიანი კი ყოველ სომხურ ეკლესიას, თუ საფლავის ქვას, სადაც თუნდაც ერთი სომხური წარწერაა გაკეთებული, მრავალრიცხოვანი სომხური თემის დამადასტურებელ საბუთად მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ თვით მის მიერვე გამოქვეყნებული ეპიგრაფიკული ძეგლები ხშირ შემთხვევაში არ იძლევა სრულ საფუძველს ასეთი მტკიცებისათვის. არა ერთი შემთხვევაა აღნიშნული ამ წარწერებში, როცა სომხურ ეკლესიას ერთი ან რამდენიმე პირი აშენებს და არა სომხური თემი. როგორც ავტორს სურს დაგვარწმუნოს, ეკლესიების რაოდენობის მიხედვით, სომხური მოსახლეობის რაოდენობაზე წარმოდგენის შექმნა, ვფიქრობ, უიმედო საქმეა. დასავლეთ საქართველოში მისივე დასტურით, სომხური ეპიგრაფიკის ძეგლები არ გაგვაჩნია, მაგრამ სხვა სახის ცნობებს საქართველოს ამ მხარეში სომხური ელემენტის არსებობაზე საკმარისად მიიჩნევს. აქაც სომხური დასახლებების წარმოსადგენად, ყოველგვარი საბუთისა და არგუმენტაციის გარეშე, თითქოს უდავო ჭეშმარიტებასთან გვქონდეს საქმე, სომხურად განიხილავს ისეთ ნაღდ ქართულ გვარებს, როგორიცაა ყარაშვილი, ბიჭიაშვილი, მუსხელიშვილი და სხვები. ბ-ნი პ. მურადიანის მსჯელობა, რომ ჭეშმარიტებად მივიღოთ და მივყვეთ მის შრომებში მოცემულ სომხური თემებისა და დასახლებების განლაგების სქემას, მივიღებთ ყოვლად არაისტორიულ სურათს. გამოვა რომ საქართველოში სომხები კი არ ცხოვრობდნენ ქართველთა შორის, არამედ პირიქით, ქართველები სომეხთა შორის. იქნებ ავტორის მიზანიც ასეთი სურათის შექმნაა?!

სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. სომხური კოლონიები კომპაქტური ეთნიკური თემები, როგორც თავდაცვის ერთგვარი საშუალება, უმთავრესად იმ ქვეყნებში იქმნებოდა, სადაც სომხები ჩაგვრასა და შევიწროებას განიცდიდნენ. მაგალითად: ირანში, ინდოეთში, რუსეთში და სხვა. საქართველოში კი ამგვარი თემური ორგანიზაციის შექმნის საჭიროება არ არსებობდა, რამდენადაც ისინი ქვეყნის სრულუფლებიან წევრად ითვლებოდნენ. თანადროული ქართველი, სომეხი და უცხო ავტორების მოწმობით (ვახუშტი, სიმეონ ერევანცი, გიულდენშტედტი და სხვა) სომხები მთელს საქართველოში იყვნენ გაფანტულნი.

აღმოსავლეთ საქართველოს ხალხის აღწერის დავთრებშიც სომხური გვარისა და სახელის კომლები ქართულთან შერეულადაა წარმოდგენილი. ცალკე გამიჯნულ სომხური მოსახლეობის აღწერას ფაქტობრივად არსად არ ვხვდებით, ზოგიერთი საზღვრისპირა სოფლის გარდა. სომხური ელემენტი რომ მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა მხარეში იყო ჩაბუდებული, ეს არც ისე ძნელი დასამტკიცებელია, მაგრამ ყოველ ამ ელემენტში რომ კომპაქტურად დასახლებული სომხური ეთნიკური თემი დავინახოთ, ფაქტობრივად ნიშნავს ქართული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სომხურისათვის მითვლას.

ახლა იმის შესახებაც, თუ რა პირობები არსებობდა საქართველოში ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილის სომხურ მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე გადასასვლელად. XVII—XVIII საუკუნეებისათვის მახლობელ აღმოსავლეთში რუსეთის, ირანის, ოსმალეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გადახლართვამ რუსთა და ქართველთა რელიგიური ერთობა მიუღებელი გახადა ირან--ოსმალეთისათვის. მათთვის შედარებით მოსათმენი ჩანდა რუსული მართლმადიდებლობისაგან განსხვავებული სომხური მონოფიზიტობა და დასავლური კათოლიციზმი. ირანის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შაჰი მფარველობდა აღმოსავლური ტრადიციების მქონე სომხურ ეკლესიას, რის გამოც ირანში მყოფ ქართველებს მხოლოდ „ გრიგორიანობით“ შეეძლოთ ქრისტიანობის შენარჩუნება. უფრო მეტიც, იმავე მიზეზებით, როგორც ამას თვითმხილველები გადმოგვცემენ, თვით კავკასიის არაქართულ პროვინციებში ქართველნი „ფარულად ქრისტიანობდნენ, სომხები კი ცხადად (იხ. ალ. ცაგარელის „სიგელები„ პეტერბურგი, 1898, გვ. 8-13 ). გასაგებია, რომ ქართული მართლმადიდებლობით იმდროინდელი მახლობელი აღმოსავლეთის ფართო ასპარეზზე ფონს გასვლა მეტად ძნელი საქმე იყო. ირანთან დაკავშირებულ ქართველ კადრებს (ასეთი კი უმრავლესობა იყო ქართველთა შორის ) სომხური სარწმუნოების მიღება მრავალმხრივ აწყობდათ, პირველ რიგში კი ეკონომიკური ინტერესების გამო, რამდენადაც ეს რელიგია მათ საერთაშორისო ასპარეზზე სავაჭრო საქმიანობას უადვილებდა.

იგივე ეკონომიკური ინტერესები, ქვეყნის შიგნითაც, ვაჭრობა--ხელოსნობაში ჩაბმული ქართული მოსახლეობის ერთ ნაწილს, ამ საქმეში სომეხთა უპირატესობის გამო, სომხური სარწმუნოებისაკენ ხრიდა. უფრო დიდი რაოდენობით ქართული მოსახლეობა სომხური ეკლესიის გამგებლობაში იმ შემთხვევაში ექცეოდა, როცა სომხური ეკლესიები, თუ ცალკეული შეძლებული სომეხი მოქალაქეები შეწირვის ან სყიდვის გზით ქართულ სოფლებსა და ყმა--მამულს ეუფლებოდნენ. ასეთ დროს მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვით ყმას პატრონის სარწმუნოება უნდა გაეზიარებინა. ცნობილია, რომ ქართველი მეფეები სხვადასხვა მოსაზრებითა და მიზეზით მთელს სოფლებს სწირავდნენ ეჩმიაძინის საპატრიარქოს. მაგალითად, თეიმურაზ პირველს ენისელის მხარეში სოფელი თასმალური შეუწირავს ეჩმიაძინისათვის, 1657 წელს კი როსტომ მეფეს იმავე საპატრიარქოსათვის --სოფელი ნახიდური. თავისი ყმების სომხურ სარწმუნოებაზე გადასვლას ხელს უწყობდა ზოგჯერ მონოფიზიტი ქართველი თავადიც.

მაგალითად, თუმანიშვილთა ზოგი წარმომადგენელი.

ასე რომ, გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში არსებობდა ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილის სომხურ მონოფიზიტურ სარწმუნოებაში ანუ „გრიგორიანობაში„ გადასვლის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური მიზეზები და მათი ძიება და შემდეგ უარყოფა ე.წ. სომხური თემების ჩარჩოებში სრულიად უადგილოა.

რაც შეეხება ამ მოვლენის წყაროებში დადასტურების ხარისხისა და დონის განსაზღვრას, არც ამაშია მართალი ჩვენი ოპონენტი. ბ-ნი პ. მურადიანის თქმით, მხოლოდ მისიონერ ავიტაბილეს წერილის ერთ პასაჟშია ნახსენები ქართველთა არმენიზაციის შემთხვევები და ისიც კერძო შემთხვევას უნდა შეეხებოდესო. ჯერ ერთი, ავიტაბილეს წერილში მოტანილია XVII საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის სიტყვები, რომელშიც გამოთქმულია უკმაყოფილება ამ მოვლენის გაფართოების გამო.

ავიტაბილეს მიხედვით, ნ.ჩოლოყაშვილს უთქვამს: „ყოველ დღე ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი ქართველნი სომხდებიან“.

ქართველთა ერთი ნაწილის სომხურ სარწმუნოებაში გადასვლის პროცესს ადასტურებენ მრავალრიცხოვანი ქართული დოკუმენტები. საილუსტრაციოდ მოვიტანთ ერთ მათგანს, სადაც გამოთქმულია შეშფოთება სოციალურ ურთიერთობათა სფეროში ამ ტენდენციის გაფართოების გამო. „ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ ჩუენ დედოფალთ-დედოფალმა პატრონმა მარიამ შენ--მეგრელ ხახუტასა, ასე რომე ერთი ბიჭი გამოგართვით, შემოგვეხვეწე და ისევე დაგახსნევინეთ და გიბოძეთ და იმასთან ხელი აღარავის აქვს. თავად ნუ გაჰყიდი და თუ არ დაგიდგეს და ჩუენმა კარისკაცმა და ქრისტიანმა დაიხსნას, ასეთი პირობა დაადებინე, რომე იმანაც ან თათარსა და ან სომეხსა არ მიჰყიდოს და საურჯულოდ არ გამხადოს, თვარა ჩუენად შეცოდებად მოგკითხავთ იცოდე“ როცა ხელისუფალის მხრიდან არამარტო აკრძალვა, არამედ მუქარაც გაისმის, ეჭვი არაა, რომ ამ არასასურველ პროცესს ფართო ხასიათი მიუღია. XVIII საუკუნის მიწურულს უკვე იქმნება საკანონმდებლო ძეგლი სადაც მისი ავტორი დავით ბატონიშვილი საკმაოდ გარკვევით განსაზღვრავს: „სომხებს არც ერთი სახით ნება არ ეძლევათ გაბატონებული რელიგიის (ე.ი. ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოების) ადამიანების თავის სარწმუნოებაზე „მოქცევა“.

საგულისხმოა ერთიც, ქართველ „გრიგორიანთა ‘’საზოგადოების დამადასტურებელი საბუთები თვით ბ-ნი პ. მურადიანის მიერ გამოქვეყნებულ ძეგლებშიც მოიძევება. მოვიტან მათგან მხოლოდ ერთს. მის ხსენებულ წიგნში (კავთისხევის ეპიგრაფიკულ ძეგლებთან ერთად წარმოდგენილია ასეთი წარწერაც: „ჩყლთ 1839) წელს აღვაშენეთ ეკლესია ესე წმინდა გიორგისა ჩვენ ზერტში მცხოვრებელთ ერთობით ქართველთა და სომეხთა სასაფლაოდ ჩვენის მუშაკობითა, შემწეობითა.’’ ამ წარწერის კომენტარში ბ-ნი პ.მურადიანი განმარტავს, თითქოს, ხანგრძლივმა თანაცხოვრებამ ამ სოფლის ქართველთა და სომეხთა შორის არამარტო ეთნიკური, არამედ კონფესიური საზღვრებიც წაშალაო. ასეთი განმარტება ყოვლად არადამაჯერებელია იმ უბრალო მიზეზით, რომ წარწერის შინაარსი ასეთი დასკვნის საშუალებას მიახლოებითაც კი არ იძლევა.

ვინც კი შუა საუკუნეების, თუნდაც გვიანი ხანის, საზოგადოების ბუნებას იცნობს (კომენტარის ავტორის ამ ცოდნაში კი იოტის ოდენა ეჭვსაც ვერ შევიტანთ), მან კარგად იცის, რომ კონფესიურად განსხვავებული საზოგადოების წარმომადგენლები არა თუ ერთმანეთის სასაფლაოზე მიცვალებულს არ დაასაფლავებდნენ, არამედ ეკლესიაშიც არ შევიდოდნენ. წარწერის ტექსტში ხსენებული ეკლესიის ერთობლივ მაშენებელნი ქართველებიცა და სომხებიც, რა თქმა უნდა, ერთი სარწმუნოებისანი არიან, სხვაგვარად მათი თანამშრომლობა სასაფლაოს ეკლესიის მშენებლობაში შეუძლებელი იქნებოდა. ეს რომ ეღიარებინა ბ-ნ პ. მურადიანს, მაშინ ქართველ „გრიგორიანთა“ საზოგადოების კანონიერებაც უნდა ეცნო, რაც მის თვალსაზრისს ეწინააღმდეგება. ჩანს ამიტომაც, ტექსტის ახსნის გარეგნულად მომგებიან ვარიანტს მიმართა, მაგრამ საქმე ისაა, რომ XIX საუკუნე, რომელსაც ეს წარწერა ეკუთვნის, ყველაზე შეუფერებელი დროა ეთნიკური და კონფესიური საზღვრების წაშლის შესაძლებლობის სამტკიცებლად.

ის უფრო კონფესიურ ურთიერთობათა გამწვავების ხანადაა ცნობილი.

საქართველოს რუსული ადმინისტრაცია ქართველთა და სომეხთა გათიშვისა და დაპირისპირებისათვის იღწვოდა. ამ ამოცანის შესაბამისად ქართველთა სომხურ სარწმუნოებაში გადასვლას ახალისებდა, ზოგჯერ კი აიძულებდა კიდეც. ეს და მსგავსი ღონისძიებები რუსული კოლონიალური პოლიტიკის არსენალში ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იყო ქართული ეთნიკური კოლექტივის დასასუსტებლად.

რაც შეეხება ქართული ისტორიოგრაფიის მისამართით გამოსროლილ უსამართლო ბრალდებას მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობის ტრადიციების რღვევის საქმეში, მის პასუხად უნდა ითქვას, რომ ამ ტრადიციების რღვევის საშიშროებას უფრო სერიოზული მოვლენები უქმნიან, ვიდრე ეს ქართველ „გრიგორიანთა’’ გარშემო ჩვენი ოპონენტის მიერ ატეხილი დავა შეიძლება იყოს.

იმ დროს, როცა სომხეთში გამოცემულ სასკოლო სახელმძღვანელოთა გარეკანზე, თუ შიდა მხარეს დაბეჭდილ ამიერკავკასიის რუკებზე ნახევარი საქართველო სომხეთის შემადგენლობაშია მოქცეული, როცა ლეგალურად, თუ კერძო ინიციატივით იბეჭდება და ვრცელდება სომხეთის სახელმწიფო რუკები, სადაც ბათუმი და ფოთი სომხეთის შემადგენლობაშია ჩატანილი, როცა საქართველოს სამხრეთ რაიონებში ახალქალაქსა და ბოგდანოვკაში სომხეთის ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები ზოგჯერ იარაღსაც აჟღარუნებენ. ამათ ფონზე მთლიანად ხუნდება ყველაზე მწვავე კამათიც კი ნებისმიერ სადავო მეცნიერულ საკითხზე.

ხსენებული წერილის ავტორი არ კმაყოფილდება ქართველი „ გრიგორიანების „ მითების სამყაროში დაბინავებით და ქართველ კათოლიკებსაც სომხურ ეთნიკურ კოლექტივში ასახლებს, მიიჩნევს, თითქოს ჩვენ სომეხი კათოლიკების ქართულ წარმოშობას ვამტკიცებდეთ და ამით სომხურ მოსახლეობას ქართულს ვათვლიდეთ. ქართველი კათოლიკების საკითხი ცალკე დიდი თემაა და მასზე აქ ფართო მსჯელობის გაშლა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ იმისათვის რომ მკითხველი ჩვენი ოპონენტის არგუმენტების „შეუვალობაში„ გავარკვიოთ, საპირისპირო ჩვენებებსაც გავაცნობთ, ბ-ნი პ. მურადიანი წერს : XVIII საუკუნის მისიონერების მოწმობით, ქართლის სომხობა ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ქართლის მოსახლეობის გაკათოლიკებას. არსებობს ერეკლე II - ის 1775 წლის მკაცრი დადგენილება, რომლითაც ის სომხებსა და ქართველებს უკრძალავს კათოლიკური სარწმუნოების მიღებას.

მართალია, ბ-ნ პ. მურადიანს ეს მოკლე განცხადებაც სავსებით საკმარისად მიაჩნია გაუთვიცნობიერებელ მკითხველზე ეფექტის მოსახდენად, მაგრამ ვფიქრობ, ის მაინც ვერ უნდა იძლეოდეს მისთვის სასურველ შედეგს. როცა საქმე აკრძალვაზე მიდგება და ამასთან ხელისუფალს მკაცრი ზომების მიღებაც დასჭირდება. აშკარაა, რომ მოვლენას ფართო ხასიათი მიუღია. ეს მოვლენა კი, როგორც მისივე მოტანილი საბუთიდან ჩანს, ერთნაირად ეხებოდა სომხებსა და ქართველებს, ე.ი. კათოლიკურ სარწმუნოებას არამარტო სომხები, არამედ ქართველებიც იღებდნენ. გასაგებია, რომ ასეთი საბუთიანობით ქართველ კათოლიკეთა საზოგადოების უარყოფა და მისი სომხური ეთნიკური კოლექტივისათვის მითვლა შეუძლებელია. ბ-ნ პ.მურადიანის მტკიცებათა საპირისპიროდ კი პირველწყაროთა არაერთი მოწმობა გაგვაჩნია, რომელთა მიხედვით კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას საქართველოში არათუ ხელს უშლიდნენ, არამედ პირიქით, ახალისებდნენ კიდეც.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველი მეფეები კათოლიკობას თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს უკავშირებდნენ და შესაფერის ღონისძიებებს ატარებდნენ ევროპული ორიენტაციის გასაძლიერებლად. ერეკლე II - ის აზრითაც, კათოლიკობისათვის ხელის შეწყობა ევროპული კაპიტალისთვის გზის გახსნას ნიშნავდა. ამიტომ კათოლიკე მისიონერთა საქმიანობას ისიც ხელს უწყობდა. ამით გაღიზიანებული სრულიად სომეხთა კათოლიკოსი სიმეონ ერევანცი ერეკლე II -ს წერდა: „მრავალნი სომეხთაგანი და ქართველთაგანი მიექცა ცთომილი ერესის გავლენის ქვეშ და კათოლიკოსიც მათთან იმყოფებოდა მქადაგებლად და გზიდან აცდენდა მრავალს ფარულად, იქამდე, რომ მეფის სახლსაც მიადგა მოისურვა ერთბაშად წაწყმენდა ... რატომ მოგაქვს მყრალი სექტა ქრისტეს ყველა სექტათა შორის?... არა მარტო ჩვენს ხალხში, არამედ შენს ხალხშიც მრავალნი გზას ასცდებიან და იქნები შენ შემდეგ დიდ მონანიებასა და ავად ხსენებაში „ ( სომეხთა ისტორიის დივანი, ტ. ვ თბილისი, 1894, გვ. 90-93 , 659 , სომხურ ენაზე ) , ეკატერინე II - ის დავალებით კი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია სპეციალურად სწავლობდა საკითხს იმის დასადგენად, თუ რამდენად სწორი იყო ხმები ერეკლე II - ის გაკათოლიკების შესახებ (ა. ცაგარელი, „სიგელები“ , ტ. I გვ. რომელთაც სომხებზე არანაკლებ აშფოთებდათ ერეკლე II - ის ფრანგთმომხრეობა.

გაუთვითცნობიერებელ მკითხველზე ორიენტირებული ჩვენი ოპონენტი წერილის ბოლოს უკვე ბრალდებების მთელ კორიანტელს გვიყენებს ქართველ ისტორიკოსებს. თითქოს, მონოფიზიტ და კათოლიკე სომხებთან ერთად, მართლმადიდებელი ბერძნების ნაწილს - ოსებს და ა. შ. საქართველოში მცხოვრებ დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლებსაც ვაქართველებდეთ. არგუმენტების დეფიციტს კი ამჯერად 30 - იანი წლების ბოლშევიკთა ლექსიკიდან ამოღებული სიტყვებით (ცრუმეცნიერება, ცრუკონცეფცია და ა. შ ) ავსებს, რაც აშკარაა, სომეხი ახალგაზრდობის ამხედრების გარდა არ შეიძლება სხვა მიზანს ისახავდეს.

თუ ვინ არღვევს, მართლაც მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობის ჩვენს ტრადიციებს, ვფიქრობ ობიექტურ მკითხველს ამის გარკვევა არ უნდა გაუძნელდეს.

წაკითხულია : 2656


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები