ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXIX

17.10.16 18:05


პროფ. დიმიტრი თუმანიშვილი.
საქართველოში გრიგორიანული ეკლესიის აღმშენებლობის გამო.
საქართველოში მცხოვრებ გრიგორიანული (იგივე--სომხეთის მონოფიზიტური ) ეკლესიის მიმდევართა ტაძრების ხუროთმოძღვრება ერთი იმ საკითხთაგანია, რომელთაც სწავლულთა ხელი აშკარად დააკლდა. ამას არაერთი მიზეზი აქვს--წმინდა მეცნიერულიც (ამ საგანზე მსჯელობის დაწყება მთელ რიგ სხვათა გამოკვლევას გულისხმობს) და სხვა რიგისაც: სამწუხაროდ, სავსებით „აკადემიურ“ სჯასაც ხომ რთულად ეხლართება აღმსარებლობითი, ეთნო--კულტურული და თვით პოლიტიკური მიზანსწრაფვა და ობიექტურობის ძიებამაც კი შეიძლება ხან სომეხთ, ხანაც ქართველთმოყვარეობის მოძალებაღა მოიტანოს.
კაცმა რომ თქვას, ბოლო დრომდე საქართველოს საკუთრივ გრიგორიანული ეკლესიების არქიტექტურაზე დაწერილი ერთი ნაშრომიღა გვქონდა--თბილისის სომხურ ტაძრებზე ბ-ნი ასრატიანის სომხური ხელოვნებისადმი მიძღვნილ მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმზე გამოტანილი მოხსენება და მხოლოდ ბოლო ათწლეულებში გამოჩნდა მკვლევარი, ვისთვისაც ეს საკითხი ერთი უმთავრესთაგანია ბ-ნი გიორგი გაგოშიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ხოჟორნის ეკლესიაზე მონოგრაფია, შარშან კი (არმენოლოგ ქ-ნ ნათია ჩანტლაძესთან ერთად ) ისტორიული ქვემო ქართლის ნაწილის „სომეხთა“ ეკლესიების მიმოხილვა გამოსცა. იმედია, ეს მუშაობა კვლავაც გაგრძელდება და მომავალში ჩვენ დაწვრილებითი მონაცემები და შესაბამისად, საქართველოს გრიგორიანთაგან წარმოებული მშენებლობის სრული სურათიც გვექნება, მაგრამ ზოგიერთი წინასწარული მოსაზრების გამოთქმის საშუალებას ესა და ზოგი რამ სხვა მასალა ახლავე იძლევა.

ცალკე აღებული ხოჟორნის ტაძარიც საგულისხმოდ გვითვალსაჩინოებს ქვემო ქართლში 500 წლის მანძილზე ორი მოსაძღვრე კულტურის --ქართულისა და სომხურის და ორი კონფესიის თანაქმედებას: X საუკუნეში დიოფიზიტი ქართველების აშენებული, როგორც ჩანს, ძლიერ დაზიანებული ნაგებობა XI ს-ში მონოფიზიტი დამკვეთის, მხარგრძელთაგან ერთის მიერ ისევ და ისევ უპირატესად ქართული ხუროთმოძღვრების რიგზე იქნა აღდგენილი; XIII საუკუნის განახლებას უკვე სომხური გავლენა ემჩნევა, XV ს-ის შეკეთება კი, სომხეთიდან გადმოსახლებულებმა თავისი ხელოვნების ჩვეულებათაებრ განახორციელეს.
აწინდელი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და მარნეულის რაიონებში შუასაუკუნოვანი გრიგორიანთა ეკლესიები (XIX ს-ის ეკლესიებს არ შევეხები) მიახლოებით ოთხ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ა.ძველი ქართული, მონოფიზიტთა გადაკეთებული ტაძრები, ბ. გრიგორიანული, არქიტექტურით გამოკვეთილად ქართული ყაიდის ნაგებობები, გ. გრიგორიანული, ხუროთმოძღვრულად უმეტყველო, მაგრამ ხელობის მხრივ ადგილობრივი-- ქვემოქართლური შენობები, დ. სომხური ხუროთმოძღვრული ტრადიციის ეკლესიები. საყურადღებოა ამ ჯგუფების რაოდენობრივი მაჩვენებლები--პირველში 12 ნაგებობა შედის, მეორეში -7, მესამეში 12, მეოთხეში კი -8. ისტორიული სომხეთის სიახლოვისას, ორი ქვეყნის სასაზღვრო, ძველთაგანვე ტომობრივად შერეული მოსახლეობის სამკვიდრო მხარეში თითქოსდა „სუფთა“ სომხური ხელოვნების მეტი ნიმუში იყო მოსალოდნელი. დამაფიქრებელია უკანასკნელთა ხნოვანებაც - X საუკუნეზე ძველი აქ სომხური საზოგადოდ არაფერი ჩანს და--რაც განსაკუთრებით უცნაურია--ძალიან ცოტა რამაა ამ კუთხეში სომეხ კვირიკიანთა უფლობის დროისა. თვით მათ დედაქალაქ სამშვილდეშიც აკი გრიგორიანული ტაძარი IX-X საუკუნეების
ქართულ ბაზილიკაში გამართეს, რისთვისაც ჩრდილოეთ კედელში (არცთუ ხეირიანად !) ემბაზი ჩაუდგამთ.(1) გვიან, შუა საუკუნეებშიც კი, ქართული მოსახლეობის შეთხელების ჟამს, გამოხატულად სომხური ნახელავი, როგორც დავინახეთ, საკმაოდ იშვიათია და აშკარად „სომხური „ ბინაძორის ეკლესიაც კი სამშენებლო ხელოვნების მხრივ --„ადგილობრივია“.
გ. გაგოშიძე და ნ. ჩანტლაძე ამ თავისებურ მდგომარეობას ვახუშტი ბატონიშვილის ცნობილ ნათქვამს უფარდებენ, ქვემო ქართლში (მაშინ--სომხითი ) „მოსახლენი არიან“-ო „სარწმუნოებით სომეხნი,...არამედ ქცევა-ზნითა ქართულითა. ‘’ მეცნიერი უფლისწულის ეს ცნობა, სხვა წყაროებით და ონომასტიკით შემტკიცებული, ავტორების სამართლიანი აზრით, მიგვითითებს ამ კუთხეში გაგრიგორიანებულ „გასომხებული“ ქართველების არსებობაზე (რომელთაც, ალბათ,ჩამოსახლებული სომხობაც ერწყმოდა ). ისმის კითხვა, არის თუ არა ეს მარტოოდენ ქვემოქართლური მოვლენა. ყურადღებას იმსახურებს -ამ კუთხითაც!--ბ-ნი ვახტანგ ბერიძის დიდტანიანი შრომა XVI-XVIII საუკუნეების ქართულ ტაძართ მშენებლობაზე, სადაც შეტანილია მთელი რიგი გრიგორიანული ტაძრებისა (ზუმბიანი, ალის ნაქალაქარის გუმბათიანი, სავარაუდოდ-ცხინვალის 1718 წლის ტაძრები, თეკენების 1688 წლის „შველის ეკლესია“, გრემის ორი სამლოცველო და კვლავ სავარაუდოდ- გრემისავე ე.წ. „თარსა გალავანი“), ხოლო ზოგიც -ნახსენებია (თბილისის ნორაშენის, სურბ ნიშნის, ქარაფის წმ. გიორგის, ჯიგრაშენის ეკლესიები ). რა აძლევს ბ-ნ ვახტანგს საამისო საფუძველს? რა თქმა უნდა ის, რომ ყველა მათგანი ქართულ ხუროთმოძღვრულ თუ სამშენებლო ტრადიციას არის შეზიარებული. აი, მაგ. ალის გუმბათიან ეკლესიაზე იგი წერს: „საკუთრივ არქიტექტურის მხრივ(ის) არ განსხვავდება იმდროინდელ ქართულ ტაძართან“-ო. ეს მის გარე იერსაც შეეხება და მის ინტერიერსაც, სადაც მხოლოოდენ საკურთხევლის ძლიერ აწევა და ჩრდილოეთ კედელში გრიგორიანთა წესით მოქცეული ემბაზი გვაგებინებს მის „სომხურობას“, მის აღმსარებლობით რაობას. ძალზე იოლად, თუმცა-შესაძლოა გადაკეთების გამო --ნაკლებ ცალსახად „ბინავდება“ ცხინვალის ღმრთისმშობლის ეკლესიაც. მისი ძირითადი შემადგენლები, ოდნავ გამარტივებული სახით, შეგვიძლია ვნახოთ ერთი წლით ადრე, 1717 წელს არაგვის ერისთავის ძის, მიტროფანე ნინოწმინდელისა და ქაყუბად კობიაშვილის მოთავეობით აგებულ, უდაოდ ქართულ-მართმადიდებლურ ბოროდნის ტაძარში. აქაც არის გუმბათის ყელს აყოლებული და კარნიზს ქვემოთ შემოსალტული ლილვებით მოხაზული სწორკუთხედები სარკმელების ირგვლივ და აგურების ამოღებით „გამოხატული“ გოლგოთის ჯვრები, XVI საუკუნეში კახეთის ოსტატთა შექმნილი და ქართლში ახლაღა „გადმოსული“. ცხინვალის ეკლესიის მომგებელთა სახელებსაც მეტი საერთო ქართულ ონომასტიკონთან აქვს. ნაკლებ ერთმნიშვნელოვანია ვითარება ზუმბიანის და გრემის ეკლესიებთან დაკავშირებით. აქ, უწინარესად, გუმბათის დასავლეთისკენ დაძვრა ხვდება თვალს, რაც ზოგადად ქართული ტაძართ მშენებლობისათვის არაა დამახასიათებელი. ოღონდ აქ რამდენიმე გარემოებაცაა სათვალავში ჩასაგდები. პირველ ყოვილსა, ყურადღება გეგმარებას უნდა მიექცეს (სამივე ერთი და იმავე ტიპის გუმბათიანი ნეგებობაა)> როგორც ვ. ბერიძე აღნიშნავს, შიგნით ჯვრისებრი ეს ნაგებობები, კედლის სისქეში ,,ამოღებული“ დასავლეთი და გვერდითი მკლავებით, იყალთოს მონასტრის წმ. სამების VI საუკუნის ეკლესიის ანალოგიურია, ის კი, თავის მხრივ, მცხეთის წმ. ჯვრის მცირე ეკლესიისაა. ამ კომპოზიციაში გეგმის განვრცობა უმთავრესად საკურთხევლის განვითარებით შეიძლება, ეს კი, შესაბამისად, გუმბათის დასავლეთით გადაადგილებას იწვევს - ვ. ბერიძე მიგვითითებს კიდეც, რომ იყალთოს უძველეს ტაძარში მოცულობის გასაწონასწორებლად ნართექსი მოაწყვეს. რა თქმა უნდა, შესაძლოა გრემსა და მეტადრე, ზუმბაინში აიმეტიულობა სომხურ ნაგებობათა აგების ძველისძველი, VII საუკუნიდან წამოსული წესის გამოძახილი იყოს. ამასთან კი, უნდა გავიხსენოთ, რომ ამგვარივე რამ ,, თავისუფალი ჯვრის“ სახის ქართულ ეკლესიებზეც შეიმჩნევა, სადაც XI საუკუნიდან სამივე სწორკუთხა მკლავი დამოკლდა და იგივე ამ ტიპის XVI საუკუნის ნიმუშებზეც ჩანს (ტყვირი, ქორისუბანი, ზედა საქარის ,,გულბანდიანი“, სავანის ,,გიორგისეული“). ზუმბიანის ეკლესიასთან მიმართებით ერთგვარი ,,ექსპერიმენტულობაცაა“ აღსანიშნი - ეს, იქნებ, მეტად არქაული გეგმის ,,გახსენებითაც“ აიხსნებოდეს (რაც ასევე არცთუ უცნობი რამაა XV-XVIII სს-ის ქართულ ხუროთმოძღვრებაში) და, ვთქვათ, ოსტატის ასე მცირე ზომებს გაურჩვევლობით (7,5*5,5 მ.) . ამ კუთხით ყველაზე მახასიათებელი საფასადო ნიშებია- ორი აღმოსავლეთით და თითო-თითოც გვერდით ფასადებზე. ჩვეულებრივ ისინი ჩვენში, როგორც ცნობილია, საკურთხევლის აფსიდსა და პასტოფორიუმებს შორის გაჩენილი კედლის მასის განსატვირთავადაა ხოლმე მოხმობილი. ასეთივეა აღმოსავლეთის ნიშების დანიშნულება სომხეთშიც, ოღონდ ისინი გრძივ კედლებზეც ჩნდება გვერდითი მკლავების მოსასაზღვრად და კონსტრუქციული მდგრადობისთვის საკმაოდ ხიფათიანადაც.ზუმბიანში სამკვეთლო-სადიაკვნო არ გვაქვს და ოთხივე ნიშა აღმოსავლეთი მკლავის დაგრძელებითწარმოქმნილი კედლების ჭარბი სისქის მოცილების საშუალებაა. ამდენად, ჩრდილოეთი და სამხრეთი ნიშებიც აქ კონსტრუქციული მოსაქრებითაა გამოყენებული, რაც უფრო ქართულ არქიტექტურულ ტრადიციას ეხმიანება, სადაც ამის საუკეთესო მაგალითები კუმურდოსა და ოშკის ტაძრებია. მხატვრული თვალსაზრისით ისინი, როგორც ვ. ბერიძე შენიშნავს, არასიმეტრიულობის განცდას კიდევ ამძაფრებს. არ გამოვრიცხავ კი, რომ მშენებლის (გინდაც მცდარი!) ჩანაფიქრი საფასადო სიბრტყის შემცირება და, ამდენად, მისი „შემსუბუქება“ ყოფილიყო. ყოველივე ეს, საშენ მასალასა (სომხეთისთვის ნაკლებად ჩვეული აგური)და, განსაკუთრებით, გუმბათის ყელის მორთულობასთან ერთად, რომელიც ზუმბიანშიცა და გრეშიც ქართლის XVI-XVII საუკუნეების მართმადიდებელთა ტაძრებივით (თბილისის „ ჯვარის მამა“, თბილისისავე „მეტეხის“ აღდგენილი გუმბათი, ღოუბნის „ ორმოცნი“, ანანურის „ღვთაება“) ყინცვისის წმ. ნიკოლოზის (XIII ს-ის დამდეგი) ხუროთმოძღვრებიდან მომდინარეობს, სამთავ ამ ეკლესიას ქართულ არქიტექტურას აკავშირებს.
იგივე შეიძლება ვთქვათ გრემის „თარსა-გალავანზეც“. ეს ნაგებობა მეტად უცნაური კია (ვის უნახავს, მართლაც, სიმაღლის შუაზე ორ სართულად გაყოფილი საკურთხეველი?), ოღონდ მხატვრულ-ხუროთმოძღვრული მონაცემების კი არა, ფუნქციის უჩვეულობის გამო, რომლის შესახებ ჯერნახობით ვერაფერს ვამბობთ.
ეს, იქნებ, ხუროთა „გვარ-ტომობას“, მათ სისხლისმიერ „ქართველობას“ არც ნიშნავდეს-ზუმბიანის კედლებში ატანებული ჯვრები ხომ სომხური ხელობისაა (თუმცა ვიცით კი, რომ ისინი შენობის თანადროულია?)- ხოლო უეჭველი ისაა, რომ მათთვის „მშობლიური“ ხუროთმოძღვრება-ქართულია. არც ის უნდა იყოს დაუჯერებელი, რომ იმხანად ჩვენებურ გრიგორიანებს „საკუთარი“ ოსტატები არც ჰყოლოდათ და ადგილობრივ ცნობილთ ეძახდნენ. ვ. ბერიძის შრომაში საიმისო საბუთიც იძებნება, რომ იმ ხანად ოსტატის მიწვევისას არც მის ეროვნებას დაგიდევდნენ დიდად და არც, როგორც ჩანს, აღმსარებლობას. იმავე ქვემო ქართლში უთუოდ სომეხი ღარიბჯანა უშენებს თურმან და ქეთევან თურმანიძეებს 1658-1675 წლებს შუა ხატისსოფლის ეკლესიას, ცოტა მოგვიანებით, 1676-1688 წლებში ტბისის ეკლესიის ასაშენებლად ერთი მაინც სომეხი, პოღოსა, იხმო პაპუნა გოშტაშაბის ძე ბარათაშვილმა (თავ-ოსტატთაგან მეორე, პაპუა, სომეხიც შეიძლება იყოს და ქართველიც, ისევე, როგორც XVII ს-ის მეორე ნახევრის გორულის ზემო ეკლესიის მაშენებელი პაპია), მაგრამ -XIX საუკუნის ჩვენს მეგაზეთეებს გამოთქმას თუ დავესესხებით- „მაგარი ისაა“, რომ არაქართველთა მონაწილეობა მარტოოდენ ხატისსოფლის ეკლესიის გარე იერს თუ დაეტყო (იქნებ კიდევ ტბისის კანკელის „ორიენტალურ“ მორთულობას). აქვე, „სიმეტრიისათვის“ გასახსენებელია გრიგორიანული ეკლესიის უეჭველად ქართველი ქვითხურო მაზმიშვილი, რომელმაც თავისი სახელი ზარგალის 1657 წლის ეკლესიის კარნიზზე ამოკვეთა. თუ ჩნდება რამ სომხური ხელოვნებიდან გადმოღებული, ესეც სავსებით „სიმეტრიულად“ მართმადიდებელთა და გრიგორიანთა სალოცავებზე. 1683 წელს ორბელ (იგივე ვახტანგ) ორბელიანის აშენებულ ტანძიის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის განივ ფასადებზე სომხურ ქვაზე კვეთილობაში ცნობილი მოხაზულობის ჯვრებია „აღმართული“, 1688 წლის- არქიტექტურითა თუ სამკაულით სხვაფრივ სავსებით „ქართულ“-მონოფიზიტურ თეკენებში ცხოველს აფრენილი არწივისებრი ფრინველი დამუშავებით, თითქოს, უფრო ამგვარი სომხური გამოსახულებების მსგავსია.
ძალზე საგულისხმო მგონია დასმული საკითხისთვის თბილისის სომხური ეკლესიები. ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ საუკუნეების მანძილზე ჩვენს დედაქალაქში სომეხ ბინადართა სიმრავლეს, ზოგჯერ სიჭარბესაც კი, რომ პირველად შემაცბუნებელიც კია აქაურ გრიგორიანულ ტაძართა შეფარდებითი-თანაც უგამონაკლისო!- გვიანდელობა. კაცმა რომ თქვას, სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე მოზრდილ ქალაქში მოსახლეობა იმთავითვე ჭრელი უნდა ყოფილიყო. როგორც ყველგან აღმოსავლეთში, აქ დამკვიდრებულ უცხოტომელთა შორის სომხობა სავსებით მოსალოდნელია, ისევე როგორც VII საუკუნის აქეთ-მცხეთისა და სომეხთა ეკლესიების საბოლოო აღმსარებლობითი განყოფის კვალად-მათი საკუთარი ეკლესიების არსებობაც. ბევრს არაფერს ნიშნავს მათი ჩვენამდე მოუღწევლობაც-უკვალოდ არის ხომ გამქრალი, ვთქვათ, წმ. ჰაბო ტფილელის „მარტვილობაში“ ნახსენები ორმოც მოწამეთა ანდა XIII საუკუნეში, ერთ ხანს დაწინაურებული, მერე კი დავით VII ულუს მიერ შერისხული მესტუმრე ჯიქურის აღშენებული წმ. ქრისტინეს ეკლესიები. უფრო მრავლისმთქმელია, რომ თავად ხსენება სომხურ ტაძართა XIII საუკუნის შუა ხანამდე, არსებითად, არც გვხვდება. გვაქვს ერთადერთი, ისიც სათუო ცნობა: 1197 წელს სადღაც (სავარაუდოდ-თბილისში!) აღდგომის თარიღზე ქართველთ და სომეხთა ცილობის შესახებ, რასაც შეხლა-შემოხლა და ერთი ეკლესიის დაწვა მოჰყოლია. აი, დავით VII ულუს ზეობაში კი დარწმუნებით ვიცით აქ მონოფიზიტური ეკლესიის აშენების ამბავი-სომეხი სწავლული იოანე ერზინკაცი გვამცნობს, 1284 წელს ვიქადაგეო ბჭესთან ეკლესიისა, რომელიც პარონ უმეკმა ააგებინაო, სხვა ცნობით მონღოლთაგან თბილისს მოლტოლვილმა დიდვაჭარმა. მაგრამ ამ ამბის შეტყობა ბევრს ვერაფერს გვშველის, რადგან შემორჩენილებთან უმეკისეული არტმშენებლობის გაიგივება საალბათოდ თუ შეიძლება. იგი უფრო აწინდელი სურბ გევორქი ჰგონიათ. არადა, ეს უკანასკნელი არა მხოლოდ გადაკეთებულ-გადასხვაფერებული ჩანს, ისეა გალესილ-შეღებილი, რომ სამშენებლო ფენების არა თუ გამიჯვნა-დათარიღება, დანახვაც კი შეუძლებელია. გარდა გამქრალი წარწერისა, რომელზეც, ცხადია, მსჯელობა ჭირს-ის ხომ შეიძლება არაზუსტად ამოკითხული, სხვაგნით გადმოტანილი და ა.შ. ყოფილიყო-სამსჯელოდ მისი გეგმარებაღა გვრჩება. ტიპოლოგიურად ის ე. წ. „Kuppelhalle”-ს მოკლე რედაქციის ნიმუშთაგანი აფსიდის კუთხეებსა და კედლების შვერილების ერთ წყვილზე ჩამოყრდნობილი გუმბათით. თითქოს ეს დასათარიღებლად მყარი საფუძველია, ირკვევა კი, რომ გეგმის ნაწილთა შეფარდება და მისთანანი სურბ გევორქისა XIII საუკუნის სომხურ „გუმბათოვან დარბაზებს“ ისევე მოუდგება, როგორც ამ ტიპის გვიან შუასაუკუნოვან ქართულ მაგალითებს.

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები