პოლიტიკა

დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრებს მართავს

31.05.16 14:40


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრებს მართავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ნიდერლანდების სამეფო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევროპული თანამშრომლობის გენერალურმა დირექტორმა რობერტ დე ხროოტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას დაადასტურა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, მათ შორის, ევროკავშირის მშვიდობის მხარდამჭერ მისიებში შეტანილი წვლილისათვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს.

ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარიდან, ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრე ჰასპელსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან.

”შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს.

სახელმწიფო მინისტრმა გამოთქვა იმედი აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები