საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

26.01.17 17:30


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა. მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის – ძლიერი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაჟო სისტემის უზრუნველყოფისთვის.

როგორც ”კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 საბაჟო ადმინისტრაცია იღებს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით აღინიშნება – „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებიან საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდება.

სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო). ღირსების მოწმობებით დაჯილდოვდება ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები